ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ღია პირველობის ნახევარფინალში პირველმა შეაბიჯა.
ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ქართველი ფრანგ ვეტერან ჯერემი ჩარდისთან შეხვედრაში ისევე თავდაჯერებული იყო, როგორც პირველი ორი წრის შეხვედრებში.
ნიკამ პირველ სეტში ორი ბრეიკი შეუსრულა მეტოქეს, მეორეში ერთბრეიკიანი უპირატესობა იკმარა და ჯამში 6:2, 6:3 იმარჯვა.
ნახევარფინალში ნიკას მეტოქე, დიდი ალბათობით, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს მესამე ჩოგანი იყო, მაგრამ კარიერის არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას და მეხუთეობამდე დაქვეითდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილთან შეხვედრის უფლების მოსაპოვებლად 22 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა სერბი ფილიპ კრაინოვიჩის ბარიერი უნდა დაძლიოს, თუმცა არ იქნება ურიგო, თუ ამას ვერ შეძლებს.