მარიო ალფრედ სალას საიეგი 17–ჯერ გაძევებული მწვრთნელია. „კოლო კოლოს“ თავკაცი გასულ კვირას კარიერაში მეჩვიდმეტედ მიაბრძანეს სათადარიგოთა სკამიდან. „ბარნეჩეასთან“ სათასო მატჩის 33–ე წუთზე სალასმა მსაჯს არასწორი სიტყვა მიაძახა და სკამზე ერთი ადგილი გათავისუფლდა.
სალასი მეცხრე წელია მწვრთნელობს. 2010 – ში „ბარნეჩეადან“ დაიწყო და 6 გუნდი გამოიცვალა, ამ სეზონში კი „კოლო კოლო“ ჩაიბარა. ყველაზე მეტჯერ – ათჯერ – გააძევეს „უნივერსიდად კათოლიკაში“ ( 2015–2017) მუშაობისას, “კოლო კოლოში” კი თითქმის ექვსი თვე გაძლო უწითელბარათოდ.
მარიო ალფრედი ჯეელობაში მორაგბე ყოფილა და ჩილეს ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია. მერე ფეხბურთელი გამხდარა – ჩამშლელი ნახევარმცველი. ეგებ რაგბი და ფეხბურთი ერეოდა ზოგჯერ ერთმანეთში და ალბათ ამის ბრალია, რომ ფეხბურთელის 14 წლიან კარიერაში 16–ჯერ გაუძევებიათ.
ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი ვიცით, რომლებმაც მწვრთნელობაში ვერაფერს მიაღწიეს, რასაც ვერ ვიტყვით სალას საიეგზე. ის აშკარად უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე ფეხბურთელი იყო – საკუთარ თავს 17:16–ს უგებს.