ჩოგბურთის მოყვარულთ ევგენი კაფელნიკოვი კარგად უნდა ახსოვდეთ და საამისოდ, სამეფო სპორტის სტაჟიანი ქომაგობა სულაც არ არის საჭირო. არც ისე შორეულ წარსულში იყო, რუსი ჩოგბურთელი დიდ სლემებს რომ იგებდა და ყველასათვის ანგარიშგასაწევი მოთამაშე იყო.
კაფელნიკოვს, 1996 წელს „როლან გაროსი“, ხოლო 1999-ში ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული. კარიერაში საუკეთესო წლებში რეიტინგი ტოპ ოთხეულში შედიოდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ კაფელნიკოვი 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, კარიერაში კი ჯამში 27 ტიტულს მოუყარა თავი.
და რამ გაგვახსენა 45 წლის ევგენი კაფელნიკოვი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო?
რამ და ხინკალმა, ბორჯომმა და ნატახტარმა. ნუ გაიკვირვებთ, ყოფილი რუსი მეჩოგნე ვლადიმერ პუტინის და კრემლის არცთუ ისე დიდი მეხოტბეა. პირიქით, მწვავე კრიტიკითაც გამოირჩევა.
20-21 ივნისს, თბილისში მომხდარი ცნობილი ამბების შემდეგ, რომელიც რუსი დეპუტატის ალექსეი გავრილოვის ჩამოსვლას და პარლამენტის სავარძელში ჩასკუპებას მოჰყვა, ჩვენ ჩრდილოელ მონსტრ მეზობელ ქვეყანაში ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვაზე სერიოზული საუბარი და დიდი სჯა-ბაასია.
„მეგობრებო, გადავწყვიტე მოვიწამლო,“ – ამბობს კაფელნიკოვი და თან ბორჯომს მიირთმევს.