უცნაური ამბავი მოხდა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესიაზე. სოკ-მა მიიღო და სრულად გაიზიარა აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ მოკრივეთა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ხელდასმით გაიმართოს.
საუბარია სალიცენზიო შეჯიბრებებზე, სადაც უნდა გაირკვეს იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას გაინაღდებენ.
საინტერესოა, რომ სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციას (AIBA), სოკ-ის წევრობა მაისში შეუწყდა, თუმცა აღნიშნული სპორტის სახეობა ტოკიოს ოლიმპიურ პროგრამაში შენარჩუნდა. დღევანდელი გადასახედიდან კი სამოყვარულო კრივის პერსპექტივა 2024 წლის პარიზის თამაშებზე ძალზედ ბუნდოვნად მოჩანს.
მორინარი ვატანაბე ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) პრეზიდენტია. თომას ბახმა და კომპანიამ სწორედ მას დააკისრა – როგორც სალიცენზიო ტუნრირებზე, ასევე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე – მოკრივეების პატრონობა.