ესეც ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონობა. თანაც, ტიტული „ბაიერნმა“ ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა და ზეიმის მიზეზიც მეტი იყო.
ზეიმი როგორ არ შედგა, მაგრამ ცრელიც ახლდა და მიუნხენელთა ფანებმა ისეთი პერფორმანსი მოაწყეს, ჩემპიონობაზე მეტს რომ ნიშნავდა. ბავარიელები ფრანკ რიბერის და არიენ რობენს დაემშვიდობნენ. რიბერიმ „ბაიერნში“ 12 წელი იბურთავა და შაბათს ჩემპიონის მეცხრე ტიტული მოიპოვა. ეს გერმანიის ყველა დროის რეკორდია და უკან რვაჯერ გაჩემპიონებულთა მთელი კოჰორტა დარჩა: ოლივერ კანი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მეჰმეთ შოლი, დავიდ ალაბა, ტომას მიულერი და იგივე არიენ რობენი.
ყველას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს „რობბერი“-დ მონათლული ეს დუეტი მიუხენელთა სახელით მუდმივად ატერორებდა მეტოქეთა ფლანგებს. მათი ერთობლივი დებიუტი 10 წლის წინ მოქმედ ჩომპიონ „ვოლფსბურგთან“ შედგა და მაშინ რობენმა რიბერის ორი პასი დუბლად აქცია. მეგობრებმა ამჯერადაც გაიტანეს თითო გოლი და თუ რობენმა ემოციებს გაუძლო, რიბერიმ ცრემლი ვერ შეიკავა…
უკან დარჩა ერთად მოპოვებული 8 ჩემპიონობა, ქვეყნის 4 თასი, 5 სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონობა… ძნელი შესაცვლელია „რობბერი“, მაგრამ წასვლასაც თავისი დრო აქვს და ლამაზად წასვლას კი ყველა ვერ ახერხებს.
წავიდნენ…

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?