ყოფილმა ვარსკვლავმა, დღეს კი საფეხბურთო ტელემიმომხილველმა გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ჰადერსფილდის” საკვირაო 1:1-ის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი ყოფილი გუნდის, „იუნაიტედის” თამაშში საინტერესო საერთოდ ვერაფერი დაინახა.
ოლე გუნარ სულშერის ფეხბურთელებმა პრემიერლიგის მაჩანჩალა გუნდი ვერ დაამარცხეს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის შანსი დაკარგეს — ინგლისის პირველობის დამთავრებამდე ერთი თამაშიღა დარჩა, „იუნაიტედსა” და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ტოტენჰემს” შორის სხვაობა კი ოთხი ქულაა.
რამდენიმე ტურის წინ, როდესაც მანჩესტერელებმა „ევერტონთან” 0:4 წააგეს, ნევილმა „სქაი სპორტზე” გუნდს შავი დღე აყარა და იგივე განმეორდა ამჯერადაც.
„მანჩესტერელების დაცვამ ყველა ღონე იხმარა, რათა „ჰადერსფილდი” ჩვენი უმაღლესი ლიგის ისტორიაში არ შესულიყო როგორც ერთადერთი გუნდი, რომელმაც შინ ორნიშნა რაოდენობის გოლები ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმში გუნდმა თითქოს უკეთ ითამაშა, მაგრამ გააჩნია რას ვუწოდებთ უკეთ თამაშს. მისი მოწინააღმდეგე ხომ ის „ჰადერსფილდ თაუნი” იყო, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში წვალობდა. გულწრფელად გეტყვით, დღეს უკლასო „ჰადერსფილდის” ყურებამ ამ წითელმაისურიანი კაცების ყურებაზე მეტი სიამოვნება მომანიჭა.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ჰადერსფილდი” „ჰადერსფილდი” იყო, „მანჩესტერ იუნაიტედმა” კი სახე დაკარგა და საერთოდ ვერაფრით მომაწონა თავი. ფეხბურთელები საზიზღრად თამაშობენ. დღეს ეს არის უნიათო ადამიანების ჯგუფი. ლუკ შოუ ხომ საერთოდ ვერ მიხვდა, გოლის გასატანად ბურთი მარცხენა ფეხით უნდა დაერტყა თუ მარჯვენათი.
ისინი ისეთი სუსტები არიან, რომ სულშერი უბრალოდ უღიმოდა. გულშემატკივრები, რომლებიც გუნდს სტუმრად წაჰყვნენ არ გაჩერებულან, მღეროდნენ, მაგრამ ფეხბურთელებმა მათ მხოლოდ ენერგია გამოსწოვეს.
მოკლედ, ეს გუნდი არ არის. ამას გუნდი არ ჰქვია. იცით, რას მაგონებს დღევანდელი „მანჩესტერ იუნაიტედი”? 2014 წლის „ტოტენჰემს”, როდესაც ის მაურისიო პოჩეტინიომ ჩაიბარა. რომელშიც ემანუელ ადებაიორი, იონეს ქაბული, ვლად ჩირიჩესი და ეტიენ კაპუ თამაშობდნენ ერთად”, — თქვა ნევილმა.