ბედის ირონიაა, აბა რა: სამშაბათს ტურინში ბოლო ზარის დღე ყოფილა. და სწორედ ამ დღეს, ყმაწვილ აიაქსელთა გუნდმა რონალდუს და სხვა იუვენტუსელ პედაგოგებს გაკვეთილი ჩაუტარა. არადა, თითქოს ყველაფერი წესისა და რიგის შესაბამისად დაიწყო — ლექციის ჩატარება თავიდან კრიშტიანუმ და მისმა „დიდმა” თანაგუნდელებმა სცადეს.
მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „აიაქსი” გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებას გამოეთიშა უკანასკნელი მოქმედი გამარჯვებული. შარშან ხომ ჩემპიონთა ლიგაში „რეალმა” გაიმარჯვა, ხოლო რონალდუ სწორედ მადრიდელთა გუნდში თამაშობდა.
და ისევ, ბედის ცუღლუტობა: „რეალიც” „აიაქსმა” გამოგაგდო.
არადა, როგორც მოგახსენთ, თავიდან მასწავლებლები დაწინაურდნენ — რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში თავისი 126-ე გოლი გაიტანა და „იუვე” დაწინაურდა. თავის მხრივ, „აიაქსი” დანებებას არ აპირებდა. ამსტერდამელებს კაპიტულაცია რომ არ სჩვევიათ, მარტში „რეალთან” გამოჩნდა, როდესაც მათ „სანტიაგო ბერნაბეუზე” 4:1 მოიგეს. და ახლაც, 21 წლის დონი ვან დე ბეეკისა და 19 წლის მატის დე ლიხტის გოლებით ჰოლანდიელთა ლეგენდარულმა გუნდმა იმარჯვა, ნახევარფინალში გავიდა და იქ „მანჩესტერ სიტისა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ბოლოს „აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 1997 წელს გავიდა.
ცნობისთვის: შეჯიბრებას შემორჩენილ გუნდებს შორის ამსტერდამელები საშუალო ასაკით ყველაზე ახალგაზრდები არიან — 24 წელი და 8 თვე. „დეილი მეილი” იუმორით აღნიშნავს, რომ აიაქსელთა ხელფასი არათუ პრემიერლიგის, არამედ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის გუნდებისასაც ჩამოუვარდება, მაგალითად „ვესტ ბრომვიჩისას”. თუმცა, „ვესტ ბრომვიჩი” „რეალს” და „იუვენტუსს” ჯერ კიდევ კარგა ხანი ვერ მოუგებსო, წერს ინგლისური გაზეთი.
მატჩის შემდეგ გაოცებას ვერ მალავდა თავად მატის დე ლიხტიც: „ეს საოცრებაა, ნორმალური არ არის. სიტყვები არ მყოფნის. ჩვენ ორი მთავარი კანდიდატი, „რეალი” და „იუვენტუსი” დავამარცხეთ. ძალიან ვამაყობთ, გულშემატკივრები ამაყობენ, მთელი ამსტერდამი ამაყობს”.