ოლე გუნარ სულშერმა „ლივერპულელი” ვირჯილ ვან დიიკისგან საშინაო მარცხი იწვნია — შინ ვერ შედის. ნორვეგიელი მანჩესტერის სასტუმრო Lowry Hotel-დან გამოვიდა და საცხოვრებლის ძიებაშია. რატომ? მან და ედ ვუდვორდმა ხელი ხელს დაკრეს ანუ „მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელი ზაფხულზე ნამდვილ კონტრაქტს მოაწერს ხელს და „ოლდ ტრეფორდზე” დარჩება.
ეს იმას ნიშნავს, რომ სადმე უნდა იცხოვროს…
ახლავე აგიხსნით რა ხდება. სულშერს ინგლისში სახლი აქვს და მერე როგორი, მაგრამ ვერ შედის, რადგან იქ „ლივერპულის” ჰოლანდიელი მცველი ცხოვრობს — ნაქირავები აქვს.
სახლ-კარი, რომელზეც მოგახსენებთ 4 მილიონი გირვანქა ღირს და ის ყოველთვის სულშერის საკუთრება იყო. უფრო სწორედ, სულშერისა იყო მას მერე, რაც ნორვეგიელი ჯერ კიდევ ფეხბურთელის რანგში ცხოვრობდა ჩეშირში, მაგრამ ორი წლის წინ მან გადაწყვიტა, რომ ინგლისთან აღარაფერი აკავშირებდა და განცხადება მისცა, ვყიდიო.
ვერ გაყიდა. მაშინ, ახალი განცხადება გამოაქვეყნა — ვაქირავებო. ჰოდა, ვინც იქირავა, კი მოგახსენეთ.
ხელშეკრულება გაფორმებულია, ყველა საბუთი რიგზეა ჰოდა უნდა იჯდეს ახლა „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი და ელოდოს, როდის დაცლის ვან დიიკი მის საცხოვრებელს.
იტყვით სასტუმროში დარჩენილიყოო.
რა გითხრათ, აბა. იქ მან 9 კვირა გაატარა და ახლა ეტყობა ნამდვილ სახლში უნდა გადაბარგება.
ისე, სასტუმრო Lowry Hotel-ში სულშერის წინამორბედმა ჟოზე მოურინიუმ 127 კვირა იცხოვრა და 800 ათასის ჩეკიც მიართვა „იუნაიტედის” ბუღალტერიას.