ჯეიმი ვარდიმ გადაწყვიტა სანაკრებო ფეხბურთს თავი დაანებოს. 31 წლის თავდამსხმელმა თქვა, რომ მას უნდა მთელი ძალ-ღონე მშობლიურ კლუბ „ლესტერსა” და ოჯახს შეალიოს.
ამბობენ, რომ ვარდიმ ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს თავისი განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში უთხრა. „ფლიტვუდის” ყოფილმა ფეხბურთელმა მონდიალზე ერთადერთ შეხვედრაში ითამაშა თავიდანვე. ეს გახლდათ ჯგუფური ეტაპის მატჩი ბელგიის ნაკრებთან, როდესაც ორივე გუნდს წაგება ერჩია, რათა შემდეგ ფინალისკენ უფრო მარტივი გზით ევლო. იმ შეხვედრაში ბელგიელთა ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ ინგლისელთა ასეთსავე გუნდს 1:0 მოუგო. შესაბამისად, ვარდის გოლი არ გაუტანია.
ჯეიმი ვარდიმ ინგლისის ნაკრებში სულ 26 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი შეაგდო. ამ გოლებიდან ხუთი ამხანაგურ თამაშებზე მოდის, ერთი ევრო 2016-ზე და ერთიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე.
ვარდი გახლავთ ფეხბურთელი, რომელმაც ნონ-ლიგიდან პრემიერლიგამდე გაიკაფა გზა და ეროვნულ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი. პირველად ის ნაკრებში 2015 წელს გამოიძახეს. „გარდიანთან” ინტერვიუში ვარდიმ თქვა: „გულწრფელად გეტყვით, ნაკრებიდან წასვლაზე ერთი ხანია ვფიქრობ. მე აღარ გავახალგაზრდავდები და მწვრთნელსაც, ბუნებრივია უფრო სასარგებლო ახალგაზრდები დასჭირდება. ამ ზაფხულს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენ ნახევარფინალში გავედით და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დავიკავეთ. თუ 1966 წელს, ინგლისში ჩატარებულ მონდიალს არ ჩავთვლით, უცხოეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ამაზე უკეთესი ადგილი არასდროს დაგვიკავებია”.