30 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს უეფა დაჯილდოებათა დიდ ცერემონიალს მოწყობს. ადრე მოგახსენეთ, რომ ამ შოუზე უნდა გამოვლინდეს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე როგორც კაცებს ასევე ქალებს შორის. სამმოთამაშიანი შორთ-ლისტები უკვე ცნობილია. ახლა ევროპული ფეხბურთის გამგებლებმა 2017-18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის და თავდამსხმელის სამკაციან შორთ-ლისტებს აჰხადეს ფარდა. ესენია:

მეკარეები: ალისონ ბეკერი (რომა, ახლა ლივერპული), ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, ახლა პსჟ), კეილორ ნავასი (რეალი).

მცველები: მარსელო (რეალი), სერხიო რამოსი (რეალი), რაფაელ ვარანი (რეალი).

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ტონი კროოსი (რეალი), ლუკა მოდრიჩი (რეალი).

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ახლა იუვენტუსი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).

ჟიური, რომელმაც ფეხბურთელები შეაფასა, ჩემპიონთა ლიგის მინაწილე 32 გუნდის მწვრთნელებისგან და იმ 55 ჟურნალისტისგან შედგებოდა, რომლებიც ევროპული სპორტული მედიის ჯგუფმა (ESM) შეარჩია. მათ შორისაა „სარბიელის” წარმომადგენელი დავით კაკაბაძე.

მწვრთნელებს უფლება არ ჰქონდათ დაესახელებინათ თავიანთი გუნდების ფეხბურთელები.

ჟიურის წევრების შერჩეული სამეულიდან პირველს ეწერებოდა 5 ქულა, მეორეს — 3, ხოლო მესამეს — 1. შემდეგ ქულები დაჯამდა და შედეგად ზემოთ დასახელებული შორთ-ლისტი გამოვიდა.

გაგაცნობთ, იმ ფეხბურთელების ვინაობას, რომლებიც შორთ ლისტში ვერ მოხვდნენ ანუ 4-10 ადგილებზე გავიდნენ.

მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) – 47 ქულა;  ტიბო კურტუა (ჩელსი, ახლა რეალი) – 28; ედერსონი (მანჩესტერ სიტი) – 26;  უგო ლორისი (ტოტენჰემი) – 18; იან ობლაკი (ატლეტიკო) – 16; დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი) – 7; სვენ ულრაიჰი (ბაიერნი) – 5.

მცველები: ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი) – 40; დეიან ლოვრენი (ლივერპული) – 37; ვირგილ ვან დიიკი (ლივერპული) – 24; დიეგო გოდინი (ატლეტიკო) – 15; ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი) – 14; მატს ჰუმელსი (ბაიერნი) – 13; ჟერარდ პიკე (ბარსელონა) – 10.

ნეხევარმცველები: კაზემირო (რეალი) – 40; ჯეიმს მილნერი (ლივერპული) – 18; ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ახლა ვისელ კობე) – 16; ივან რაკიტიჩი (ბარსელონა) – 9; ისკო (რეალი), მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი) და ხამეს როდრიგესი (ბაიერნი) – 6.

თავდამსხმელები: კილიან მბაპე (პსჟ) – 17; ედინ ჯეკო (რომა), ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 15; რობერტო ფირმინო (ლივერპული) – 13; გარეთ ბეილი (რეალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), სადიო მანე (ლივერპული) – 12.