უეფამ 2017-18 წლების ევროპის საუკეთესო ქალი და ვაჟი ფეხბურთელების სამკაციანი შორთ-ლისტი გაასაჯაროვა. დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყობა მონაკოში, 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს.

სამი ვაჟი ფეხბურთელის შერჩევაში მონაწილეობდა 80 მწვრთნელისგან შემდგარი ჟიური. ლაპარაკია იმ მწვრთნელებზე, რომლებიც 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ჟიურიში იყო ევროპული სპორტული მედიის (ESM) ჯგუფის მიერ შერჩეული 55 ჟურნალისტი, რომელთა შორის საქართველოდან გახლდათ „სარბიელის” წარმომადგენელი დავით კაკაბაძე. ყოველი ჟურნალისტი უეფაში შემავალ თითო ქვეყანას წარმოადგენდა.

ჟიურის წევრები ასახელებდნენ სამ რჩეულს, რომელთაც ადგილების შესაბამისად ენიჭებოდათ ხუთი, სამი და ერთი ქულა. საბოლოო შედეგი ქულათა მარტივი დაჯამებით გამოვლინდა. იყო ერთი პირობა: მწვრთნელებს თავიანთი გუნდის მოთამაშე არ უნდა დაესახელებინათ.

სამი ვაჟი ფეხბურთელი, რომელთაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს და შორთ-ლისტში მოხვდნენ ანბანის მიხედვით არიან: ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი.

თუ გაინტერესებთ, ვინ მოხვდა ქულების რაოდენობით შორთ-ლისტს მიღმა ათეულში, გეტყვით: ანტუან გრიზმანი (72), ლიონელ მესი (55), კილიან მბაპე (43), კევინ დე ბრუიბი (28), რაფაელ ვარანი (23), ედენ აზარი (15), სერხიო რამოსი (12).

ქალთა სამეული დაასახელა 12-მა მწვრთნელმა, რომლებიც უეფას რეიტინგით საუკეთესო ნაკრებ გუნდებს უდგანან სათავეში  და 2017-18 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის მონაწილე 8 გუნდის თავკაცებმა.

სპორტული მედიის (ESM) ჯგუფმა ჟიურიში შეიყვანა ქალთა ფეხბურთზე სპეციალიზებული 20 ჟურნალისტი. ქულები კაცების მსგავსად დაიწერა: 5,3 და 1. ამ შემთხვევაშიც მწვრთნელებს თავიანთი ფეხბურთელების დასახელება ეკრძალებოდათ.

სამეულში მოხვდნენ პერნილ ჰარდერი (დანია, „ვოლფსბურგი”), ადა ჰეგერბერგი (ნორვეგია, „ლიონი”) და ამანდინ ანრი (საფრანგეთი, „ლიონი”).

მონაკოში, 30 აგვისტოს აგრეთვე დააჯილდოვებენ 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშეებს პოზიციების მიხედვით: მეკარეს, მცველს, ნახევარმცველს და თავდამსხმელს.