„ბაიერნი” აშშ-შია, ახალი სეზონისთვის ემზადება, მისი თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე კი გუნდს ახლავს და თან ჟურნალისტებს ხვდება, საზოგადოების ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მას-მედიის ინტერესის საგანს წარმოადგენს ჯერომ ბოატენგის „პარი სენ ჟერმენში” გაყიდვაა. როგორც ჩანს, თუკი კლუბები თანხაზე შეთანხმდებიან, სხვა წინააღმდეგობა არ უნდა იყოს.
„დავიცადოთ და ვნახოთ გამოვნახავთ თუ არა საერთო ენას. შევძლებთ თუ არა ამ ტრასფერისთვის ხორცის შესხმას. ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტი უნდა გამოიძებნოს, — თქვა რუმენიგემ ფილადელფიაში საუბრისას, ოღონდ დასძინა, — უშუალოდ კლუბებს შორის კონტაქტი ჯერ არ ყოფილა”.
სხვა სიტყვებით, ჯერჯერობით ფეხბურთელის კონსულტანტები დარბიან „ბაიერნსა” და „პარი სენ ჟერმენს” შორის. „შპორტ ბილდის” ინფორმაციით, კონსულტანტები ამბობენ, რომ ტრანსფერით ორივე მხარე დაინტერესებულია.
ბოატენგს „ბაიერნთან” 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს კონტრაქტი. გერმანიის ჩემპიონი ვარაუდობს, რომ სატრანსფერო თანხა 50 მილიონ ევროზე მეტი უნდა იყოს. მოგეხსენებათ, პარიზულ კლუბს სათავეში „დორტმუნდის” ყოფილი თავკაცი, გერმანელი თომას ტუხელი ჩაუდგა, რომელსაც მიზნად უპირველეს ყოვლისა დაცვის გაძლიერება დაუსახავს.
რუმენიგემ სხვა ფეხბურთელებზეც ილაპარაკა. მისი თქმით ნახევარმცველი ტიაგო და რენატო სანჩესი „ალიანს არენაზე” დარჩებიან, არტურო ვიდალმა კი თავად უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი — გადავა თუ არა „ინტერში”.
„ბაიერნის” თავმჯდომარემ მსოფლიოს ჩემპიონ ბენჟამენ პავარის „შტუტგარდიდან” გადაბირებაზე არაფერი თქვა.
რუმენიგეს ზოგადად გერმანული ფეხბურთის პრობლემებზე და კერძოდ მესუთ იოზილის სკანდალურ ამბავზეც ჰკითხეს. ამაზე წარსულის ვარსკვლავმა უპასუხა, რომ ბოლოხანს გერმანულ ფეხბურთში ბევრი „ლუზერი” ანუ სუსტი პიროვნება დაგროვდა:
„ვფიქრობ ეს თავად იოზილსაც ეხება, მაგრამ არც გერმანიის საფეხბურთო კავშირი გამოირჩევა ძლიერი ფიგურებით”.
შემდეგ რუმენიგემ დასძინა: „ვფიქრობ, იოაჰიმ ლიოვი სერიოზულ ანალიზს ჩაატარებს და დაასკვნის, თუ რა უნდა შეცვალოს როგორც გუნდსა და გარემოში, რომელიც გუნდს აკრავს.