ტურ დე ფრანსის მთიანი ნაწილი ულამაზესი ტბის პირას გაშენებული მშვენიერი ანსიდან დაიწყო.
ეტაპის საერთო სიგრძე 160 კილომეტრამდე იყო.საინტერესო რბოლა გამოდგა. თავიდან პატარა ჯგუფი მოწყდა პელოტონს და კარგა ხნითაც იგდო ლიდერობა ხელთ.
მოულოდნელი იყო მათ შორის საერთო ჩათვლის ლიდერის ბელგიელი გრეგ ვან ავერმატის ყოფნა, რადგან ის მთის მრბოლი არ გახლავთ, არადა საწყის 70 კილომეტრზე თითო პირველი და უმაღლესი კატეგორიის მთები იყო გადასავლელი.
პელოტონს „სქაის“ მრბოლები ჩაუდგნენ სათავეში, რომლის წევრი და აქ ოთხგზის გამარჯვებული ქრისტოფერ ფრუმი საბოლოო გამარჯვების ისევ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. არადა, მისი ტურნირში მონაწილეობა ბოლოსღა დადასტურდა, ვინაიდან აკრძალული პრეპარატების მოხმარებას ედავებოდნენ, მაგრამ არ დაუმტკიცდა და საკმაოდ დიდი პროტესტის ფონზე ტურის ორგანიზატორებმა მაინც დაუშვეს შეჯიბრზე.
პლატო დე გლიერის წვერს 13 მრბოლმა უწია პელოტონზე 5 წუთზე მეტი უპირატესობით. მთის მეფისთვის განკუთვნილი ქულებისთვის ბრძოლა ჟულიენ ალაფილიპმა მოიგო და 20 ქულა ჩაიწერა აქტივში. საინტერესოა, რომ ეს 11,2% დახრილობის 6 კილომეტრი მისი საშუალო სიჩქარე 13,3 კმ/სთ იყო, პელოტონი კი 12,2 კმ/სთ სიჩქარით ავიდა აღმართზე.
დაღმართზე გაქცეულებს მუშაობა არ შეუნელებიათ და ფინიშამდე დაახლოებით 60 კილომეტრით ადრე უპირატესობა შვიდნახევარ წუთამდე გაზარდეს. აქ პელოტონმა თითქოს საფრთხე იგრძნო და ცოტა აუჩქარა. თუმცა ბოლო ორ პირველი კატეგორიის მთების მიახლოებისას მაინც გვარიანად ჩამორჩებოდა ლიდერებს.
მიჯრით მიწყობილი რომის და ლა კოლომბიერის გადავლა ლტოლვილებმა ერთად დაიწყეს. პირველი შეტევა ესტონელმა ტაარამაემ გაბედა და კარგა ხანიც მარტოობაში იყო. მის უკან დარჩენილებიდან საერთო ენა ალაფილიპმა და გოდუმ გამონახეს და ტარტუელი მრბოლის დაწევა დაიწყეს. პელოტონში კი არაფერი ხდებოდა საინტერესო. მხოლოდ ერთხელ შეუტია ბარგილმა, რომელმაც ტურის დაწყებამდე განაცხადა საერთო ჩათვლაში ლიდერობას არ ვუმიზნებ, მხოლოდ ერთი ან ორი ეტაპის მოსაგებად ვიბრძოლებო. მან თავიდან პელოტონს ლამის წუთამდე გაასწრო და ლიდერებს 4 წუთამდე მიუახლოვდა, მაგრამ „სქაის“ და „ასტანას“ შეფებმა იფიქრეს მადა ჭამაში არ მოუვიდესო და საკუთარ გუნდებს აჩქარება მოსთხოვეს.
ბარგილმაც მალე გამოფინა თეთრი დროშა. რომის მთას ისევ ალაფილიპმა მიაღწია პირველმა, ოღონდ ამჯერად 15 წამიანი უპირატესობით და ეულადაც დაეშვა ფრანგი. ლა კოლომბიერის მისადგომებამდე მისი ლიდერობა მყარდებოდა და ბოლო აღმართს ტაარამაე 30 წამის შემდეგ შეუყვა. მთის გადავლის შემდეგ კი „ქვიქ სტეპის“ ლიდერი წუთნახევრიან უპირატესობას ფლობდა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნა და წლევანდელი „ტურ დე ფრანსის“ პირველი ფრანგი გამარჯვებული გახდა. სხვა ფავორიტების ჩამორჩენამ მასთან 3 წუთი და 23 წამი შეადგინა.
ლიდერის ყვითელი მაისური გრეგ ვან ავერმატმა შეინარჩუნა, რომელსაც ხვალ ახალი დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ალბერვილიდან ლა როზიერამდე 108 კილომეტრიან გზაზე თავიდან უმაღლესი კატეგორიის სირთულის ბიზანისა და დიუ პრეს მთები წყვილ დაბრკოლებად არიან აღმართულები, შემდეგ მეორე კატეგორიის მთა და 20 კილომეტრიანი სახიფათო დაღმართია, ფინიში კი პირველად იქნება აღმართში, მონვალეზანის მთაზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ხვალინდელ რბოლას.