ქართული ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების კომპანია ზედაზენის“ ხელშეწყობით სარბიელელი ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი ამჯერად ლისის ტბაზე ჩატარდა. სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი „ბაჩოს თასი 2018“ მონაწილე სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრებმა ერთმანეთს 3×3 კალათბურთსა და ქუჩის მინი-ფეხბურთში გაეჯიბრნენ.
წლეულს „ბაჩოს თასის“ მხარდამჭერები „ზედაზენთან“ ერთად კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გახლდნენ. ბაჩო სვანიძის ხსოვნის ტურნირი უკვე ტრადიციულია და 2010 წლიდან სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით ტარდება. მედია-ფესტივალი სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ სპორტული მედიის საერთაშორისო დღე 2 ივლისს აღინიშნება.
ფესტივალი 3×3 კალათბურთით გაიხსნა. ტურნირში 5 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს „რეკორდმაისტერი“ და „მოწამეთა“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა „რეკორდმაისტერის“ გამარჯვებით ანგარიშით 12:4 დასრულდა. მესამე ადგილზე „ლელო“ გავიდა. კალათბურთის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ „რეკორდმაისტერის“ წევრი ბაჩო ცალუღელაშვილი დასახელდა.
სანახაობრივი გამოდგა ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო. გადამწყვეტ შეხვედრაში „ბაჩოს მეგობრების“ გუნდმა „რეკორდმაისტერი“ ანგარიშით 7:1 დაამარცხა. მესამე ადგილი „ფენიქსმა“ დაიკავა, რომელმაც „TV მედიას“ 5:3 სძლია. ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე „ბაჩოს მეგობრების“ წევრი ოთო მხეიძე გახდა. ქალთა შორის საუკეთესო მოთამაშეებად ეკა ელოშვილი და თამარ აბესაძე დასახელდნენ.
„ბაჩოს თასის“ გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები 3×3 კალათბურთში მედლებითა და სამახსოვრო პრიზებით 3×3 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. ქუჩის მინი-ფეხბურთის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს სამახსოვრო საჩუქრები – ბურთები და მაისურები ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა. დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა.
ტურნირის მონაწილეებს სამახსოვრო სერთიფიკატებთან ერთად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული სპორტული ლიტერატურა კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გადასცა. ჟურნალისტებმა ასევე მიიღეს ლაშა გოდუაძის ავტორობით გამოცემული სპორტული თემატიკის წიგნები და ბროშურები.
ზაფხულის ამ ხვატში ფესტივალის მონაწილეებსა და არა მხოლოდ, ცხადია, „ზედაზენის“ პროდუქცია აგრილებდა…
ბაჩო სვანიძე 30 წლისა გარდაიცვალა. ნაღდი სარბიელელი, ძმა – ბიჭობის კაცი იყო, მისი გაკეთებული საქმე კი აქვე, კატეგორიაში „ავტორები“ შეგიძლიათ ნახოთ…