რუსებს რომ წაეგოთ, მედია არა, მაგრამ რიგითი ქომაგი ყველაზე ხშირად ჯავრიან გულზე დალეულ ლუდს სიტყვას – „Козлы“ დააყოლებდა. ესპანელო კოლეგებო, ხვალინდელი მიმოხილვების საპირველგვერდო სათაურად ამ სიტყვის ზედმიწევნით თარგმანს გთავაზობთ – CABRONES!
ესეც ასე… ესპანეთის ნაკრებმა თავისი „ტიკი-ტაკათი“ იმდენი „ატიკი-ტაკა“, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა არ დარჩა.
ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა „ფურია როხამ“ ერთობ უსახური ფეხბურთის გარდა ისიც დაგვანახა, რომ მეტოქის სავარაუდო ტაქტიკასა და სტრატეგიაზე საერთოდ არ უფიქრია.
ვაღიაროთ: ფერნანდო იერომ სტანისლავ ჩერჩესოვთან პირადი დუელი წააგო. კიდევ ერთი „საჩუქარი“ ისაა, რომ ესპანეთმა მეოთხედფინალში საცქერად ერთი კიდევ უფრო უსახური მატჩი გვიძღვნა.
თქვენს თავს დააბრალეთ, ბატონო ბარსელონელებო და ბატონო რეალელებო – საკუთარ წვენში რომ იხარშება, იმ რუსულმა ლიგამ ჭკუით და სტრატეგიით დაგჯაბნათ, მაგრამ ჩვენ რას გვერჩოდით?!
როგორც კი პენალტების სერია დაინიშნა, რუსების მხარეს დავდექი – არ მინდოდა, ჩერჩესოვის უსახურ კრებულს წამებულის და საფეხბურთო ლატარეაში დამარცხებულის საპატიო მანტიით დაეტოვებინა მონდიალი.
ამ რუსეთმა მონდიალის ბოლო მატჩი ისევე თავჩაქინდრულმა უნდა დაასრულოს, როგორც ესპანეთის წინ, ურუგვაისთან.
მეგულება შესაფერისი კანდიდატი, მაგრამ ორიოდე საათიც მოვითმინოთ.
ესპანეთი?
მე პირადად, მონდიალის ყველაზე დიდი იმედგაცრუების ტიტულს მივანიჭებდი. უფრო ჯაბანთან არავის წაუგია…
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
