სრული კატასტროფა! ამას ვერც არგენტინელები და ვერც ამ ნაკრების მილიობით ქომაგი მთელ მსოფლიოში ვერაფრით წარმოიდგენდა.
და მაინც: ქვეცნობიერად ეს ლეო მესის პირად კატასტროფად აღიქმება. მოსალოდნელ სასწაულს ვინ ჩივის, ლეომ ხორვატების კარში ხეირიანად ვერც დაარტყა.
რა მოხდა? არგენტინის ნაკრების სამზარეულოსთან დაახლოებული პირები აქამდეც ამბობდნენ, ხორხე სამპაოლი მწვრთნელად ლეოს ლოიალობის და ლამის დაჟინების წყალობით დაინიშნაო. სანაცვლოდ მესიმ ლამის მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქცია შეითავსა და ტაქტიკის გარდა, შემადგენლობის კარნახიც დაიწყოო.
თავადაც ნახეთ, ამით არგენტინის ნაკრებმა რა მოიგო და თავად ლეომ ხომ მრავალმილიონიანი ფანკლუბის დიდი ნაწილი მოიმდურა.
მსოფლიო ჩემპიონობა მისთვის ყველა დროის უდიადესთა რიგებში ჩადგომის და თვით დიეგოსთან გატოლების შანსი იყო. არგენტინას კი ასეთი ინფანტილური და მარცხთან შეგუებული მარადონა არ ახსოვს…
არავინ დავობს, რომ მესი ძალიან დიდია, მაგრამ, სულო ცოდვილო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ბარსელონაში“ დიადი მესი ტახტრევანით დაჰყავთ – უქმნიან სივრცეებს, დროულად აწვდიან ბურთს, დროულად ეხსნებიან – უქმნიან ყველა პირობას, რომ აკეთოს, რისი შემძლეც არის. ხოლო არგენტინის ნაკრებში, დიდი სახელების მიუხედავად, ამ ტახტრევანის მზიდველები არ მოიძებნენ და ფეხბურთის მეფობისთვის შემზადებული ლეო მიწაზე ჩამოდგეს – იქ, სადაც მანჯუკიჩები და რაკიტიჩები ენაგადმოგდებული ომობენ.
არ გამოუვიდა და ვერც გამოუვიდოდა…
მესი ხომ მარადონა არ არის…


ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
