მსოფლიოს ჩემპიონატს ეტყობა სკანდალები უხდება. მექსიკის ნაკრების 9 ფეხბურთელის და 30 მეძავის ამბავი ადრეც მოგახსენეთ, მაგრამ ვინაიდან ორგიის შესახებ უფრო მეტად და მეტად ალაპარაკდნენ, მოკლედ გავიმეორებთ. მექსიკელებმა შოტლანდიას უმასპინძლეს, 1:0 მოუგეს და ვინაიდან თამაშის მერე მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ ფეხბურთელები ერთი დღით შეკრებიდან გაუშვა, სადღაც მეხიკოსთან ნაქირავებ სახლს მიაწყდნენ. თან 30 მეძავი ჰყავდათ.

ექტორ ერერა

გაირკვა, რომ ღრეობის ორგანიზატორი იყო „პორტუს” ვარსკვლავი ექტორ ერერა, რომელსაც შინ გაქცევა და ბოდიშებით ცოლის მუხლებში ჩავარდნა მოუხდა. ერერა საერთოდ აღარ აპირებდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას, მაგრამ ოსორიომ რაღაცნაირად დააშოშმინა და ნაკრებში დააბრუნა. ეტყობა, ერერას ცოლიც მოთაფლეს, აბა ისე როგორ იქნებოდა.

დაირხა ხმა, რომ ინციდენტმა ფეხბურთელებს შორისაც გამოიწვია დაპირისპირება. საქმე ის არის, რომ ზოგ მოთამაშეს მექსიკის ფეხბურთის ფედერაცია გადაეფარა და სკანდალიდან გამოიხსნა, ზოგს კი არა თუ ვერა. შესაბამისად ვიღაც ნაწყენი დარჩა, ვიღაც კმაყოფილი.

ბიჭების მდგომარეობიდან გამოყვანა „ვესტ ჰემის” თავდამსხმელმა ჩიჩარიტომ სცადა. მან ფეისბუქში დაპოსტა:

„ჩვენ ორგიისთვის კი არა, ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს მე დავპატიჟე თანაგუნდელები. ყველა მოვიდა ჩუი კორონას გარდა. სტუმრების რაოდენობა სულ მატულობდა. ვისაც როდის უნდოდა მაშინ შემოდიოდა და გადიოდა. რაც შეეხება მეძავებს, მსგავსი არაფერი ყოფილა. ასეთი ჭორის დაყრა უპატივცემულობაა. ცუდი ნამდვილად არაფერი გაგვიკეთებია, თუმცა ვიცი, მაინც არ გამოვიდა ლამაზი და პირობას ვდებ, მეტს აღარ გავიმეორებთ”.

სკანდალის მიუხედავად ოსორიო იმედიანად არის და ამბობს, რომ მისი გუნდი 17 ივნისს გერმანიის ნაკრებს 100 პროცენტით მომზადებული შეხვდება. თამაში მოსკოვში, „ლუჟნიკებზე” გაიმართება.