ჯეიმი ვარდი „ატლეტიკოს” სურს! „ლესტერის” 31 წლის თავდამსხმელი მადრიდელთა სიაში ყოფილა. „მატრასებს” ზაფხულზე ანტუან გრიზმანი წაუვათ — „ბარსელონაში” გადადის — და ავანგარდში მისი შემცვლელი სჭირდებათ.
გრიზმანის „კამპ ნოუზე” გადასვლას წინ აღარაფერი უდგას — „ბლაუგრანას” დაახლოებით 102 მილიონი ევრო აქვს ამ საქმისთვის გადადებული და ხელშეკრულებაც უკვე გამზადებულია. „ატლეტიკოს” სავარაუდოდ ფერნანდო ტორესიც დატოვებს. დიეგო სიმეონეს კი თურმე ვარდის თამაში მოსწონს.
ლესტერელმა წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მიიქცია ყურადღება და მიზანი არც ამ სეზონში გამრუდებია — 23 გოლი გაიტანა და ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის.
თავის მხრივ „მელიები” ცდილობენ თავდამსხმელს ახალი კონტრაქტი დაუდონ ანუ ფეხბურთელი არსად გაუშვან. ვარდის ხელფასის ამბავი კი ასეა: როდესაც „ლესტერთან” ბოლო ხელშეკრულება გააფორმა (მის მიხედვით კიდევ ორი წელიწადი უნდა იყოს ამ კლუბში) მისმა ყოველკვირეულმა გასამრჯელომ 100 ათას გირვანქას გადააჭარბა. თუ დარჩება, ჯამაგირს კვირაში 140 ათასამდე გაუზრდიან.