მო სალაჰს „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უსაყვედურა გაფორმებასა და ეგრეთწოდებულ დაივინგს თავი დაანებეო. გერმანელი უკმაყოფილოა, რომ „ჩელსისთან” 0:1 წაგებულ შეხვედრაში მისმა მთავარმა ვარსკვლავმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ის გერი კეჰილთან ოდნავი კონტაქტის გამო წაიქცა, რაც მსაჯმა არ აპატია.
კლოპმა თქვა: „ასეთი რამის ნახვა მეტად აღარ მინდა. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს სიმულაცია იყო. ან, შეიძლება ფეხი დაუტოვა და კონტაქტს ელოდა. ზუსტად არ ვიცი”.
შემდეგ მერსისაიდელთა თავკაცმა ივარაუდა, რომ სალაჰის ასეთი ქცევა ყოფილ გუნდებთან, „რომასა” და „ჩელსისთან” ორმა შეხვედრამ განაპირობა.
„ბოლო ხანს ის ორჯერ შეხვდა ყოფილ თანაგუნდელებს. „რომას” ფეხბურთელები თამაშამდე მის მიმართ ძალიან მეგობრულები იყვნენ, ეხუტებოდნენ, თამაშის დროს კი უხეშობდნენ. ამჯერად იგივე გააკეთა ანტონიო რუდიგერმა, რომელიც მასთან ერთად სწორედ „რომაში” თამაშობდა”.
„ჩელსისთან” წაგებამ „ლივერპულს” საქმე გაურთულა. გავლენ თუ არა მერსისაიდელები მეოთხე ადგილზე ახლა ბოლო ტურში, „ბრაიტონთან” გამოჩნდება. თუმცა, თუ „ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალს” მოუგებს, მაშინ საგაისო ლიგაში მოსახვედრად პრემიერლიგაში წვალება აღარ დასჭირდება.
„ჩელსის” კი ორი თამაში დარჩა, „ჰადერსფილდსა” და „ნიუკასლთან”, და თუ ორივეს მოიგებს, ხოლო „ლივერპულს” ბოლო ტურში ფეხი დაუცდება, მაშინ გაისად ჩემპიონთა ლიგაში ლონდონელები ითამაშებენ.