პარასკევ დილით, ლონდონის „არსენალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ერთი შეხედვით, მოულოდნელი განცხადება გამოჩნდა – „მეთოფეების“ ოდინდელი მწვრთნელი არსენ ვენგერი წლევანდელი სეზონის შემდეგ გუნდს დატოვებს.
ცნობისათვის, 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა, ქომაგთა დიდი პროტესტის მიუხედავად, კლუბთან შარშან ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამისდაკვალად, სამუშაოდ კიდევ წელიწადზე მეტი რჩებოდა. მით უმეტეს, უცნაურია ასეთი განცხადება მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კარს მომდგარი ევროპალიგის ნახევარფინალის წინ. ეს ტურნირი ხომ დღეს ერთადერთი შანსია „მეთოფეთათვის“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად.
ვენგერი ამბობს, რომ საფუძვლიანი დაფიქრების შემდეგ გადაწყვიტა კლუბი სეზონის ბოლოს დატოვოს და მადლობას უხდის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს, პერსონალსა და ქომაგებს იმ ფანტასტიკური 22 წლისთვის, რომელიც ჩრდილოლონდონში გაატარა.
ზემოთ მოულოდნელი განცხადება ვახსენეთ, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველ მატჩში მისი გადადგომის მოთხოვნით აჭრელებული ბანერების ტრიბუნებზე გამოფენა ჩვეულებრივი ამბავი გახდა.
წლების განმავლობაში „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის მუდმივი ბინადარი იყო, მაგრამ ბოლო ორ წელიწადს ვითარება შეიცვალა, „მეთოფეები“ ვერც შარშან მოხვდნენ ოთხეულში და წლეულსაც, როგორც ვთქვით, მხოლოდ ევროპალიგის მოგება თუ დააბრუნებთ ევროელიტაში.
შარშანდელი კონტრაქტის გაგრძელების ინიციატორი კი კლუბის ერთ-ერთი მფლობელი, ამერიკელი ბიზნესმენი სტენ კრონკე ყოფილა, რომელიც კლუბში 2007 წელს მივიდა და მას შემდეგ ვენგერის მთავარ საყრდენად ითვლებოდა. თუმცა ახლა კლუბში სტენის ვაჟი ჯოშ კრონკეც საქმიანობს, რომელიც სულ უფრო გავლენიანი ადამიანი ხდება „ემირეითსზე“. ჰოდა, ჯოში აღშფოთებული ყოფილა იმ უსუსური ფეხბურთით, რომელსაც გუნდი წლევანდელ სეზონში უჩვენებდა. მას მიაჩნია, რომ ვენგერი აღარ არის ის კაცი, რომელიც გუნდს განავითარებს და წინ წაიყვანს.
ვენგერი „არსენალში“ 1996 წლის სექტემბერში მივიდა და თავიდანვე დაიმკვიდრა რევოლუციონერის სახელი. ცხადია, აქ ტაქტიკური ინოვაციები და ფეხბურთის თავისებური ხედვა იგულისხმება.
სპეციალისტები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ათიოდ წლის წინ ვენგერის „არსენალი“ ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა ბრიტანეთში. მას შეეძლო აბსოლუტურად უცნობი მოთამაშეების მიყვანა და მათგან სუპერვარსკვლავების გამოჭედვა, როგორებიც მაგალითად, პატრიკ ვიეირა და ემანუელ პეტი იყვნენ…
22 წლის განმავლობაში „არსენალში“ ყოფნისას ვენგერმა 17 პრიზი მოიგო. მათ შორის სამჯერ პრემიერლიგის ჩემპიონობა. ამათგან გამორჩეული 2003-04 წლების სეზონი გახლდათ, როცა „მეთოფეებმა“ პირველობა დაუმარცხებლად მოიპოვეს.
2006 წელს „ბარსელონასთან“ 1:2 წააგეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ეს დასასრულის დასაწყისი იყო. ეს ამბავი ჩვენი „დინამოს“ ამბავს შეიძლება შვადაროთ. 1981 წლის 13 მაისს ქართული ფეხბურის ისტორიაში ყველაზე დიდებული დღე დადგა, როცა იენის „კარლ ცაისი“ დავამარცხეთ და თასების მფლობელთა თასი მოვიპოვეთ. მაგრამ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დღე ჩვენი ფეხბურთის საბედისწერო თარიღიც ყოფილა. ეს იყო მწვერვალი, რომლიდანაც ქართულმა ფეხბურთმა თავისუფალი ვარდნა დაიწყო და რა დღეში ვართ დღეს, საუბარიც ზედმეტია.
ვენგერს ეკუთვნის პრემიერლიგის რეკორდი ჩატარებული მატჩების რაოდენობითაც. ინგლისის საუკეთესო ლიგაში მას გუნდი მინდორზე 823-ჯერ გაუყვანია, მაშინ როცა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული დამრიგებლის ალექს ფერგიუსონის ანგარიშზე „ოდენ“ 810 შეხვედრაა.
ვენგერს უამრავი ჩინ-მედალი მოუპოვებია თავისი კარიერის განმავლობაში, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ მისი წასვლით კიდევ ერთი დიდი ეპოქა დამთავრდება ფეხბურთში. ეპოქა, რომელსაც პიროვნებები, ინოვატორები ქმნიდნენ. მარტო მისი ფერგიუსონთან და მოურინიოსთან წლების განმავლობაში დაპირისპირება რად ღირს.
სტრასბურელმა მოხუცმა შეიძლება კიდევ იმუშაოს სხვა კლუბებში, მაგრამ 22 წლიანი „არსენალი“ მაინც სულ სხვაა. ის ხომ საყვარელი სერიალის გმირივითაა, წლების მანძილზე რომ უყურებ ყოველდღე და ოჯახის წევრივით შეგიყვარდება.
ხუმრობა ხომ არა არის, უკვე წამოიზარდა თაობა, როლებიც ამბობენ – რაც დავიბადეთ „არსენალს“ ვენგერი წვრთნის და სხვა ამ გუნდის დამრიგებლად ვერც წარმოგვიდგენიაო.