16-29 მარტს ბათუმი ვაჟთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრში 34 ქვეყნის 311 მონაწილე გამოვა, სადაც 32 ჩვენებურიც იქნება.
ქართველთაგან ფავორიტად ბაადურ ჯობავა (2685) გვესახება, რომელიც გათამაშების რეიტინგში მე-14 ადგილზეა, თუმც ეს მხოლოდ რეიტინგით. საქართველოს ვაჟთა ოლიმპიური ნაკრების ლიდერმა შარშან ანალოგიურ პირველობაზე ვეცხლის მედალი მოიგო, სულ კი ევროპირველობებზე წყვილ-წყვილი ვერცხლ-ბრინჯაო აქვს მოგებული და შინაურ კედლებშიც პირველი ოქროს გამოკვერას გულმოდგინედ ეცდება.
რეიტინგით პირველი კი რუსი დმიტრი იაკოვენკოა (2746), რომელსაც ევროპის ჩემპიონატი 2012 წელს უკვე მონაგები აქვს.
თამაშები შვეიცარიული სისტემით გაიმართება და სულ 11 ტური ჩატარდება. პირველი ტური ხვალ არის დაგეგმილი. გარდა მედლებისა, ბათუმში მსოფლიოს თასის ლიცენზიებიც გადათამაშდება, რომელსაც 23 საუკეთესო მოიპოვებს. ტურნირის საპრიზო ფონდი საკმაოდ მსუქანია (100 ათასი ევრო), საიდანაც გამარჯვებული 20 ათასს მიიღებს.