ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო სამყარო დაზაფრა ― გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას ახალი კომპანია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს გაყიდის. ფიფას პრეზიდენტის ასეთმა „გაბედულმა“ ნაბიჯმა დიდი პროტესტი გამოიწვია. ყველაზე მეტად უეფა აღშფოთდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებით ინფანტინო უკვე „წითელ ხაზებს“ კვეთს.
„არცერთი ჩვენგანი არ არის ფეხბურთის მფლობელი. ის ფიფას გასაყიდი არ არის“, – წერია უეფას განცხადებაში.
გულშემატკივართა უმეტესობა უეფას პოზიციას იზიარებს, თუმცა ხალხი ადრეც ბევრჯერ აღშფოთებულა, ოღონდ ბოლოს ყველაფერი ისე დამთავრებულა, როგორც კორუმპირებულ ბობოლებს სურდათ. ასე მაგალითად კატარში ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასაც არავინ მიესალმებოდა, მაგრამ ის ჩატარდა.
ინფანტინო დიდ ძალაუფლებას ფლობს და ამას როგორც ჩანს მსოფლიოში ანგარიშს უწევენ. ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ახლახან იტალიურ გაზეთ „გაძეტა დელო სპორტს“-ს განუცხადა, რომ ინფანტინო დღეს არსებული სისტემისა და ფედერაციების მხარდაჭერით სარგებლობს. ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა კი ამ წლის დასაწყისში „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში შვეიცარიელს დიქტატორი უწოდა. დიქტატორი კი ცხადია წარმოუდგენლად დიდი გავლენის მქონე ადამიანს ნიშნავს.

გავრცელდა ცნობები, რომ ევროპულმა ქვეყნებმა შესაძლოა მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა X-პლატფორმაზე დაწერა: „პირდაპირ გეტყვით, ფეხბურთი ინვესტორებს არ ეკუთვნის. ის ეკუთვნის ხალხს, ვინც ყოველკვირეულად წვიმასა თუ დარში ავსებს ტრიბუნებს.
მსოფლიო თასი პროდუქტი არ არის. ის არის მსოფლიო სპორტის ყველაზე დიდი ტურნირი და არ იყიდება. როგორც გინდათ, ისე შეფუთეთ თუ მსოფლიო ემპიონატის ნაწილს მაინც გაყიდით, თქვენ გაყიდით პრინციპებს.
ფეხბურთი გულშემატკივრებს ეკუთვნის. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მუდამ.“
„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სტენ კოლიმორმა უეფას ფიფასგან გამოყოფის იდეა წამოაყენა.
რასაკვირველია თავის მხრივ ინფანტინოს შეუძლია მიუთითოს უზარმაზარ შემოსავლებზე, რომელიც ფიფამ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მიიღო. მას თავისი არგუმენტები აქვს და შესაძლოა 211-მა ფედერაციამ მის ახალ პროექტს ხმა მართლა მისცეს.
საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს: ფიფა გამოდის კომპანია Fifa Forward Enterprise-ის შექმნის იდეით. ეს ორგანიზაცია მიიღებს კომერციულ და ტურნირების ორგანიზების უფლებებს.
ინვესტორები შეძლებენ წილების შეძენას, ფიფა კი შეინარჩუნებს მატჩების კალენდრების და სპორტული გადაწყვეტილებების მართვის ექსკლუზიურ უფლებას.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, თუ როგორ იხეირებს 211-ვე წევრი ასოციაცია ფიფას „ფეხბურთის განვითარების დაფინანსებით“, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 7.5 მილიარდ გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.
ამას ხორცი შეესხმება პროგრამა FIFA Fast Forward -ის სახით, რაც წევრ ასოციაციებს საშუალებას მისცემს მიიღონ დამატებითი დაფინანსება. პროგრამაში 211-ვე წევრ ასოციაციას მიიწვევენ, რაც თითოეულ მათგანს 20 მილიონი დოლარის მიღების საშუალებას მისცემს. შეადარეთ ეს რიცხვი 8 მილიონ დოლარს, რომელსაც ფიფა აქამდე ჰპირდებოდა ფედერაციებს.
დაფინანსება გაგრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატების მომდევნო ორი ციკლის განმავლობაში, ხოლო 2035-38 წლების ციკლში თითოეული წევრი ასოციაცია მიიღებს უკვე 24 მილიონ დოლარს.
„ფიფას თითოეულ წევრ ასოციაციას, მიუხედავად მისი ზომისა, რესურსებისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა, ექნება ხმის უფლება და შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს საკუთარი განვითარების პოლიტიკა.
ფეხბურთი გახდა ჭეშმარიტად გლობალური თამაში და შესაბამისად, მისი სარგებელიც გლობალურად უნდა იგრძნობოდეს.“
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/07/2026 | 11:17როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
