საფრანგეთის და, თამამად შეიძლება ითქვას, ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური გაიმართა და უნდა ითქვას, რომ ამ 7 მატჩის შემდეგ ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მხოლოდ ის გაირკვა, რომ მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ პირველობას არავის დაუთმობს, აი, დანარჩენი ადგილებისთვის კი ცხარე ბრძოლა ალბათ სეზონის ბოლო წამებამდე გაგრძელდება.
მე-2 ადგილისთვის ჭიდილს კი, „მონპელიე“ და „სტად ფრანსე“ შემორჩნენ, თუმცა, „პოსაც“ დარჩა შანსი, თუ ფინიშზე შინ ხსენებულ „მონპელიეს“ ბონუსით დაამარცხებს, ხოლო პარიზული გრანდი პლეი-ოფში მოსახვედრად თავგანწირვით მებრძოლ „ლა როშელთან“ სტუმრად უნუგეშოდ დამარცხდება. თუმცა, ყაულაშვილის, პაპიძისა და გორგაძის ბასკურ კლუბს მხოლოდ თეორიული შანსი აქვს, რადგანაც გატანილ-მიღებული ქულების სხვაობა კონკურენტებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი აქვს და ბოლო ტურში ერთბაშად ამდენი სასწაული ვერ მოხდება.

ცნობისთვის, „ტულუზს“ 86 ქულა აქვს, თანაც 2 ქულა სატრანსფერო დარღვევისთვის ჩამოაკლეს, ჩელენჯ თასის მფლობელი „მონპელიე“ და „სტად ფრანსე“ მეორე-მესამეზე 78-78 ქულით არიან, „პოს“ 73 აქვს, მეხუთეზე 70-ქულიანი „რასინგ-92“-ია, რომელმაც კვირას „კლერმონი“ სტურმად 41:13 გაანადგურა. საპლეიოფო ექვსეულს 69 ქულით ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ბორდო“ ასრულებს, რომელსაც ასევე კვირას, უმოტივაციო „ტულონთან“ სტუმრობა მარცხად დაუჯდა – 22:27. სწორედ ამ ბონუსმა დატოვა „ბორდო“ სანუკვარ სექსტეტში. ბოლო ტურში „ბორდო“ 67-ქულიან „კლერმონს“ უმასპიძლებს, ხოლო მათ შორის ცხრილში 68 ქულით მეშვიდეზე მყოფი „ლა როშელი“, როგორც ზემოთ ითქვა, „სტად ფრანსესთან“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმასპინძლებს.
ინდივიდუალური ამბები: გიორგი მელიქიძე „სტად ფრანსეს“ მარქაფიდან 49-ე წუთზე შეუერთდა და 76-ეზე ბონუს-ქულა განუმტკიცა. თამაში 38:21 მორჩა, ხოლო ეს ლელო ბორჯღალოსანი ბურჯისთვის სეზონის 24-ე მატჩში მე-8 გახლდათ და ეს მაჩვენებელი საუკეთესოა ქართველებს შორის. პარიზელთა მეტოქე „ბაიონში“ კი დებიუტი 8 ნომერმა ნიკა ლომიძემ იზეიმა, რომელსაც ევროთასებზე კი ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში – არა. ვულოცავთ ნიკას ამ ამბავს! ბექა შვანგირაძე კი ერთადერთი იყო ქართველთაგან, ვინც „ტულუზთან“ 31:39 წაგებულ მატჩში ითამაშა. ეს შეხვედრა ბექასთვის 25-ე იყო ტოპ 14-ის ეგიდით.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
