საინტერესო რამ გადახდა 31 წლის სერბ მცველს უროშ რადაკოვიჩს. ის ფრანგულმა „ნანტმა’’ თურქული „სივასპორიდან’’ შეიძინა, მაგრამ ერთ თვეში გაირკვა, რომ ახალ გუნდს არ მოსწონს. ჯერ კიდევ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდა, რომ რადაკოვიჩი ნელია, გადაწყვეტილებებს სხარტად ვერ იღებს… მოკლედ, ნიკოლა პალუას ვერ შეცვლის, რისი დიდი იმედიც ჰქონდათ „იადონებს’’. ვარჯიშებზე ნათლად გამოჩნდა, რომ სერბი თანაგუნდელების დონეზე არ იყო.
რადაკოვიჩის თავიდან მოშორების საკითხი აგვისტოშივე დადგა, როდესაც სატრანსფერო ბაზარი ჯერ კიდევ მოქმედებდა. იყო რამდენიმე ვარიანტი, მცველის შეძენით არაბული კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა და ფეხბურთელმა „სტად დე ლა ბოჟუარის’’ ტრიბუნაზე გადაინაცვლა. მას ამჯობინეს 17 წლის ტიელ ტატი, რომელიც სეზონის აღმოჩენად მიიჩნევა.
„უროში ისეთივე ფეხბურთელია, როგორც ყველა სხვა. უბრალოდ, კონკრეტულ დღეს სხვები უკეთ არიან მომზადებულები და ისინი თამაშობენ’’, ― თითიდან წოვდა სერბის სკამზე ჯდომის გამართლებას მწვრთნელი ლუის კასტრო.
შემდეგ კი დადგა 20 სექტემბერი, „ნანტს’’ „რენი’’ ესტუმრა (2:2) და 90-ე წუთზე კასტრომ მოედანზე რადაკოვიჩი შეუშვა. მასპინძლები 1:2-ს აგებდნენ. 194 სანტიმეტრიანი ფეხბურთელის საქმეში ჩართვას ერთადერთი აზრი ჰქონდა, შტურმის დროს თავით უნდა ეთამაშა. და სერბმა იმედი გაამართლა. მისი წყალობით იუსეფ ელ არაბიმ გოლი შეაგდო და ქულა გადაარჩინა. კასტროსაც როგორ ჩანს სწორედ მაშინ მოუვიდა ორიგინალური იდეა, რომელსაც ხორცი წინა ტურში, „ლილთან’’ შეხვედრაში შეასხა: რადაკოვიჩი 83-ე წუთზე ცენტრალური ნახევარმცველის ნაცვლად შეუშვა და… ცენტრალურ თავდამსხმელად ათამაშა. ის მატჩი „ნანტმა’’ მაინ წააგო 0:2, მაგრამ „იადონებს’’ ახალი ფორვარდი შეემატა.
„უროშს საჰაერო დუელების 80-90 პროცენტის მოგება შეუძლია. მეტოქის საჯარიმოში მაღალ ბურთებზე მას ვერავინ სჯობს, ― განმარტა კასტრომ და დასძინა, ― თან იმისათვის, რომ ის მოედანზე შევიყვანო, ფორვარდის გაყვანა არ მჭირდება’’.
ბოლო დღეებში „ნანტთან’’ დაკავშირებული მედიაში წერენ, რომ რადაკოვიჩი ჩინებული ადამიანია და დიდი მონდომებით სწავლობს ფრანგულს. ვნახოთ რა მოხდება დღეს, როდესაც „ნანტი’’ სტუმრად „პარიზთან’’ თამაშობს. ამ შეხვედრით ლიგა 1-ის მე-9 ტური იწყება.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი’’ 25 ოქტომბერს ბრესტში თამაშობს, ხოლო გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი’’ 26 ოქტომბერს „ლილს’’ სტუმრობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
