ნერეში წუთებს ითხოვს

Home აქეთურ-იქითური ნერეში წუთებს ითხოვს
ნერეში წუთებს ითხოვს

David Neres of Napoli during a training session on August 25, 2025 in Naples, Italy.ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ „პიზას’’ უმასპინძლებს. „აძურიმ’’ ბოლო შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან’’ წააგო და ახლა მოგება სწყურია. ანტონიო კონტემ ამ შეხვედრაში ნეაპოლელთა შემადგენლობა შეიძლება გადაახალისოს.

ლაპარაკია იმაზე, რომ 14 აპრილის(!) შემდეგ მოედანს შეიძლება ბრაზილიელი დავიდ ნერეში დაუბრუნდეს. ის ტრავმის გამო ჩამოშორდა მოედანს და 2025 წელს გუნდის წარმატებებში წვლილი დიდად არ შეუტანია. ნეაპოლური პრესა წერს, რომ კონტე „პიზასთან’’​ შეხვედრას ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის შესამოწმებლად გამოიყენებს. „ნაპოლის’’ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში „მილანთან’’, „სპორტინგთან’’ და „ჯენოასთან’’ ელის შეხვედრები.

ნერეში დარწმუნებულია, რომ ჩინებულ ფიზიკურ ფორმაშია, რაც ზაფხულში შეკრებებზეც დაამტკიცა. ამჟამად მისი ამოცანა კონტესთვის იმის დამტკიცებაა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსია.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ნეაპოლური მედია ნერეშს კვარაცხელიას კონკურენტად და მის ბადალ მოთამაშედ სახავდა. სავარაუდოდ, მათ შორის არჩევანზე ფიქრობდა თავად ანტონიო კონტეც. დღეს გამოჯანმრთელებული ბრაზილიელი თავისი ოსტატობის დასამტკიცებლად სათამაშო წუთებს ითხოვს. საინტერესოა, მართლა ანდობს თუ არა „პიზასთან’’ შეხვედრაში მას მწვრთნელი ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.