„ნაპოლის’’ შესახებ შინ „ლაციოსთან’’ 0:1 მარცხის შემდეგ ჟურნალისტმა როსარიო პასტორემ რადიო Punto Zero-ს ეთერში, გადაცემა Napoli Magazine Live-ში ილაპარაკა.
„რომაელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, – თქვა პასტორემ – „ნაპოლი’’ სათანადო სიმაღლეზე არ იყო, დამაკმაყოფილებლად ვერ ითამაშა. მართალია, სხვა შეხვედრებში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ახლა ყველა ნაკლმა იჩინა თავი.
ცნობილია, რომ კონტეს ძალიან უნდოდა ლუკაკუს ყიდვა და მასში 30 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც დაემატა ბელგიელის ხელფასი — წელიწადში 6 მილიონი ევრო. სამწუხაროდ, გოლებისა და საგოლე პასების არცთუ ცუდი რაოდენობის მიუხედავად ლუკაკუმ მოლოდინი ვერ გაამართლა. „აძურის’’ თავკაცის წარმოდგენით ლუკაკუმ მის გუნდში უნდა შეასრულოს ერთგვარი ათვლის წერტილის ფუნქცია, რომლიდანაც მისი და მისი თანაგუნდელების შეტევები დაიწყება, მაგრამ ასე არ ხდება, რადგან მოწინააღმდეგეები ბელგიელს ძალიან მჭიდროდ ეთამაშებიან…
…ნერეშს შეუძლია კვარაცხელიას ჩანაცვლება, მაგრამ ქართველი ძალსა და ღონეს არ იშურებს მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეთა მწვრთნელები მის თამაშს სულ უფრო კარგად სწავლობენ და ხაფანგებს უწყობენ. ამიტომ, კვარას მეტი თავისუფლება სჭირდება, მისი მოქმედებები იოლად ამოსაცნობი არ უნდა იყოს.
„ნაპოლის’’ ძლიერი მხარე დაცვაა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც „ლაციომ’’ გოლი გაუტანა მცველები ვალდებულები იყვნენ მეტი თავდადება გამოეჩინათ და ისაკსენი გაეჩერებინათ. დანიელის მიერ გატანილი გოლის ეპიზოდში ოლივერა შეცდა, მერეტი კი უფრო ადრე უნდა განძრეულიყო და დარტყმა მოეგერიებინა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ გოლი მეკარის ბრალი იყო.
პირველი წრის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი. ამ ოთხიდან სამში „ნაპოლი’’ სტუმრად თამაშობს. მათ შორისაა ძალიან რთული მატჩი „ფიორენტინასთან’’. ამ შეხვედრებში, ყოველ შემთხვევაში პირველ სამში, „ნაპოლის’’ შეუძლია ქულათა მაქსიმუმი მოიპოვოს.
„ატალანტას’’, რომელიც ახლა ცხრილში პირველ ადგილზეა, დიდებული გუნდი ჰყავს. ის მსაჯებისთვისაც კი ტრენდად იქცა, რომლებიც ბერგამოელებს ბევრის ნებას აძლევენ. ასე რომ იმის გასარკვევად, თუ ვის დარჩება ზამთრის ჩემპიონობა ჯერ კიდევ დიდი ბრძოლები გაიმართება. კალენდარს თუ გავითვალისწინებთ, „ნაპოლის’’ მისი დაუფლება შეუძლია’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
