ანტონიო კონტე და მისი საყვარელი

Home კატეგორიის გარეშე ანტონიო კონტე და მისი საყვარელი
ანტონიო კონტე და მისი საყვარელი

მას მერე, რაც „ნაპოლის” მწვრთნელად ანტონიო კონტე დანიშნეს, ნეაპოლურ პრესაში მის შესახებ იმდენი რამ იწერება, გეგონება საყოველთაოდ ცნობილი ფიგურა არ იყოს.

calcionapoli1926 მაგალითად გულშემატკივარს შეახსენებს, რომ სამხრეთ იტალიაში დაბადებულმა კონტემ ფეხბურთის თამაში „იუვენტინა ლეჩეში” დაიწყო. ამ კლუბის მეპატრონე და მწვრთნელი მამამისი კოზიმინო იყო, რომელიც შვილს იოტისოდენა შეღავათსაც არ უწევდა. ანტონიო მამის გუნდიდან „ლეჩეში” გადაბარგდა, რომელმაც ტრანსფერში მას 8 ბურთი გადაუხადა. ამ რვა ბურთიდან 3 გახეთქილი იყო. ხელფასად კი მომავალ ვარსკვლავს 200 000 ლირა დაუნიშნეს, რაც დაახლოებით 150 დოლარის ექვივალენტი გახლდათ.

როგორც ამბობენ პატარა ანტონიოსთვის ფეხბურთთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწავლაც. ის თურმე კარგ ნიშნებზე სწავლობდა. მონდომებული შვილის შემყურე დედამისი ადა იმედოვნებდა, რომ თუ ის ფეხბურთელი ვერ გამოვიდოდა, ფიზიკური მომზადების მასწავლებელი მაინც გახდებოდა.

კონტე ფეხბურთელი გამოვიდა და სპორტის მასწავლებლობა არ დასჭირდა, მაგრამ განათლების მიღებაზე ხელი არ აუღია: 2008 წელს ფოჯას უნივერსიტეტში მოტორიკის ფაკულტეტი მაღალი ქულებით დაამთავრა.

ფეხბურთელობის წლებში კონტე ცნობილი იყო როგორც კაცი, რომელიც ვარჯიშებზე წუთითაც არ იგვიანებდა და მკაცრად იცავდა დიეტას — სამზარეულოში პროდუქტების კალორიულობის ცხრილიც კი ჰქონდა გამოკრული. ვინ იცის, ანტონიო ასეთი დისციპლინირებული „ლეჩეში” თავს გადახდენილი ერთი ეპიზოდის გამო გახდა. კერძოდ, ერთხელ ახალგაზრდა კონტეს საუზმეზე დააგვიანდა. მისი თანაგუნდელები თურმე ამასობაში მოედანზე გასულან სავარჯიშოდ. ანტონიომ ისინი ვერ დაინახა და პოინგ პონგის თამაშს შეუდგა. მწვრთნელმა დაინახა, რომ მისი ერთი ფეხბურთელი სხვებთან ერთად კი არ იყო, არამედ თავისთვის ერთობოდა და დასაჯა: ფეხშიშველა ავარჯიშა.

calcionapoli1926 წერს, რომ 2013 წელს კონტე დაქორწინდა ქალზე სახელად ელიზაბეტა, მაგრამ როგორც ანდრეა პირლომ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ნებისმიერი მწვრთნელის ცოლმა უნდა ჩათვალოს, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავს — ფეხბურთი. ანტონიო ფეხბურთით შეპყრობილი ადამიანია, რომელიც ხშირად მეტოქის შესწავლაში ღამეებს ათენებს.

კონტეს ცხოვრებაში იყო რთული პერიოდიც, როდესაც ტოტელიზატორებთან დაკავშირებული სკანდალის გამო მას ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

კიდევ, ცნობილია, რომ კონტეს ფეხბურთელობის დროს თმა სცვიოდა, რასაც განიცდიდა. შესაბამისად, მისი ახლანდელი ქოჩორი გადანერგილია.

ბევრმა არ იცის, რომ კონტე მორწმუნე ადამიანია.ის ბევრს ლოცულობს, დადის წირვაზე, ხანდახან მატჩის დღესაც კი.

„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი თავისი სამხრეთული წარმოშობით ამაყობს და აქცენტით ლაპარაკობს.

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.