დე ლაურენტისი დიდ მკერდს დაუბრუნდა

Home დავთარი დე ლაურენტისი დიდ მკერდს დაუბრუნდა
დე ლაურენტისი დიდ მკერდს დაუბრუნდა

undefinedნუთუ შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის თამაშამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი შეცვალო? ნუთუ შეიძლება სეზონში მესამე მწვრთნელი მიიყვანო? დიახ, შეიძლება, როდესაც მდგომარეობა გამოუვალია. ვალტერ მაცარის ხელში კი მდგომარეობა სწორედ ასეთი იყო. ჩვენ გულის გადაუდებელი რეანიმაციის პირას ვიმყოფებით. გარსიასგან განკურნება აშკარად უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე თავად დაავადება. მაცარის ხელში, თორმეტ შეხვედრაში, გუნდმა ექვსი ქულით ნაკლები მოიპოვა ვიდრე გარსიას ხელში. „ნაპოლი” მეოთხედან მეცხრე ადგილზე ჩავარდა. გაუარესდა ყველა მაჩვენებელი, კარში დარტყმების რაოდენობით დაწყებული, გატანილი გოლების რაოდენობით დამთავრებული. მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდი ვეღარ ფუნქციონირებს. ფეხბურთელები მწვრთნელს აღარ ენდობოდნენ. ტოსკანელი სპეციალისტის დატოვება საფეხბურთო თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. სიმართლე რომ ვთქვათ, მისი „ნაპოლიში” მიყვანა თავისთავად კატასტროფული შეცდომა იყო, მაგრამ ახლა წარსულზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.

მოდი სინამდვილეს თვალი გავუსწოროთ: ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი სახიფათოდ გვშორდება. წინ „ატალანტა” და „ბოლონია” არიან. მათი გასწრება შეუძლებელი არ არის, მაგრამ უკვე ძნელია. ჩვენ კი შესაძლებლობების ზღვარზე ვართ. ასეთ პირობებში, სეზონის გადასარჩენად, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა მოვახერხოთ გასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი ეკონომიკურადაც გაგვმართავს წელში — ის ოქროს საბადოა. და იმისათვის, რომ „იუვენტუსს” ვაჯობოთ (იტალიიდან ორი გუნდია დაშვებული, „ნაპოლის” კი ექვსი ქულის მოპოვება სჭირდება), აუცილებლად უნდა ვძლიოთ „ბარსელონას”, მეოთხედფინალში კი „ფრეზე” ანუ თუნდაც ერთი თამაშის მოგებაზე ვილოცოთ. პრინციპში ეს შესაძლებელია, რადგან არ არის გამორიცხული შეგვხვდეს „დორტმუნდსა” და „ეინდჰოვენს” შორის გამარჯვებული; შეიძლება „არსენალსა” და „პორტუს” ან „ატლეტიკოსა” და „ინტერს” შორის გამარჯვებულსაც არ დავუდოთ ტოლი. პლუს, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა ლატარეაა და „ლაციომ” „ბაიერნი” რომ გააგდოს არ უნდა გაგვიკვირდეს.

ბოლო დღეებში ნეაპოლში ორი ფილოსოფია დაუპირისპირდა ერთმანეთს. პრინციპი „დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება” გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას შეებრძოლა. პირველი ეყრდნობიდა ხაზს, რომელიც ფულის დაზოგვას და ოსიმენის დაბრუნების იმედად ყოფნას გულისხმობდა. მეორე მაცარის გაშვებას ითხოვდა, რადგან აშკარა იყო, რომ ეს მწვრთნელი „ნაპოლის” კალიბრის გუნდს ვერ აუდიოდა და მის ხელში პერსპექტივა აღარ არსებობდა.

დე ლაურენტისი უსმენდა და ფიქრობდა. შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, დე ლაურენტისი სწორედ ის კაცია, რომელიც აქამდე მცდარ გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ სასოწარკვეთა ადამიანს საოცრებებს აკეთებინებს და გულწრფელად რომ ვთქვათ, სხვა გზა აღარც ჰქონდა. მან მიიჩნია, რომ მაცარის ხელმძღვანელობით „ნაპოლი” ოთხშაბათს „ბარსელონას” წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. ამასთან, თუნდაც ახალი ძამპარინის დარქმეოდა (მაურიციო ძამპარინი იყო „პალერმოს” მეპატრონე, რომელმაც 15 წელიწადში 40-ზე მეტი მწვრთნელიშეცვალა), მას არ უნდოდა მდგომარეობა ხელუხლებლად დაეტოვებინა, . ახლა, როდესაც „ნაპოლის” სათავეში ფრანჩესკო კალცონა მიიყვანა დე ლაურენტისს „ბარისა” და „ნაპოლიში” ერთად რვა თვეში ექვსი მწვრთნელი ჰყავს შეცვლილი.

თუმცა, ამჯერად ვერ დავადანაშაულებთ. არ არის საჭირო იმის შეხსენება, რომ „ნაპოლი” ამ დღეში მან ჩააგდო. ჩვენ ამას წარამარა ვიმეორებდით. მაგრამ ახლა პაციენტის გადარჩენის წმინდათაწმინდა საქმეა გასაკეთებელი, რისთვისაც ხელოვნური სუნთქვა ან გულის მასაჟია საჭირო.

და არ გვიკვირს, რომ გაჭირვების ჟამს დე ლაურენტისი დედა-იდეას, სარიზმს დაუბრუნდა და ხსნას იქ ეძებს — კალცონა რამდენიმე წლის განმავლობაში „ნაპოლიში” მაურიციო სარის ასისტენტი იყო, შემდეგ კი სპალეტის თანაშემწედაც მუშაობდა. ამის წინასწარმეტყველება ძნელი არ იყო. სარიზმი ფროიდისტულად თუ შევხედავთ დე ლაურენტისის დიდი დედაა. ის მუდამ მასთან ბრუნდება. ჩვენი პრეზიდენტი ფილმ „ბოკაჩო 70″-ის პერსონაჟ პეპინო დე ფილიპოს გვაგონებს ფედერიკო ფელინის მიერ გადაღებული ნოველიდან (ფილმი შედგება სხვადასხვა რეჟისორის მიერ გადაღებული რამდენიმე ნაწილისგან), რომელსაც ჰქვია „დოქტორ ანტონიოს ცთუნებები”. დღეს დე ლაურენტისი სარიზმისა და 4-3-3-ის დიდ მკერდს ებღაუჭება, ისევე როგორც ფილმში დოქტორი დე ფილიპო ებღაუჭება სარეკლამო ბანერიდან მომღიმარი ანიტა ეკბერგის მკერდს. ფილმს ფონად გასდევს საბავშვო სიმღერა „დალიეთ მეტი რძე”.

მასიმილიანო გალო, ilnapolista

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.