საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ჟურნალისტებს შეხვდა. მასთან ერთად პრესკონფერენციას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და გენერალური მდივანი ლაშა გამყრელიძე ესწრებოდნენ.
შეკითხვაზე, რა იყო მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრებში მუშაობა გადააწყვეტინა, ჯიკიჩმა მოკლედ უპასუხა:
– ჩემთვის სიტყვა ბევრს ნიშნავს. ვიქტორ სანიკიძეს დავპირდი და სიტყვა შევასრულე – დღეს თქვენ წინაშე ვარ.
საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპს იწყებს, 2 ივლისს კი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება.
– ჩვენი მიზანი ევრობასკეტ – 2025-ზე მოხვედრაა, – თქვა მთავარმა მწვრთნელმა, – რაც შეეხება ზაფხულში გასამართ ოლიმპიადის შესარჩევს, დაპირებების გაცემა არ მიყვარს, არც წინასწარმეტყველი ვარ. კალათბურთელებისგან ერთს ვითხოვ – მოედანზე ყველაფერი გაიღონ გამარჯვებისთვის.
– დანიასთან და სერბეთთან მოახლოებული მატჩების წინ ჩემი გუნდის მდგომარეობა მაღელვებს. ტრავმირებულები არიან დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი – დღევანდელი მონაცემებით, მათ დანიაში თამაში გაუჭირდებათ, თუმცა ეს ჩვენს მიზანს არ ცვლის, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პრობლემები მოვაგვაროთ და წარმატებით გამოვიდეთ.
მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან დანიის მხოლოდ გაფართოებული შემადგენლობა ვიცით, ვინ ითამაშებს უშუალოდ 23-ში, ჯერ უცნობია. სერბეთის ნაკრებში ევროლიგის კალათბურთელები იქნებიან. ევროლიგასა და ფიბა-ს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ყველაზე მეტი სარგებელი სერბეთის ნაკრებს მოუტანა – გუნდში ევროპაში მოასპარეზე ყველა წამყვანი კალათბურთელი ითამაშებს.
ჟურნალისტებმა მწვრთნელს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კალათბურთელებზე ჰკითხეს, რომლებიც გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდნენ…
– ლეგიონერების გამოსვლასა და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ყურადღებით ვადევნებდი თვალს. გავიარე კონსულტაციები მწვრთნელებთან და ასე შევარჩიე გაფართოებული შემადგენლობა. თუ რომელიმე კალათბურთელი თამაშით დაამტკიცებს, რომ შევცდი და ნაკრებში თამაშს იმსახურებს, მას აუცილებლად მივიწვევთ.
ჯიკიჩმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიადის შესარჩევამდე (2 ივლისი), გეგმა ცნობილია. თებერვლის მატჩების შემდეგ იგი ამერიკაში გაემგზავრება და გოგა ბითაძეს, სანდრო მამუკელაშვილს, ასევე კოლეჯების ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელებს შეხვდება.
ახალმა მწვრთნელმა საკუთარი აზრი ახალ ნატურალიზებულ მოთამაშეზეც დააფიქსირა:
– ბევრი ვიმუშავეთ და დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიპოვნეთ ის, ვისაც ვეძებდით. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა მისი სიტყვები – როდესაც ვკითხე, როდის შეძლებდა საქართველოში ჩამოსვლას, მიპასუხა: როცა მეტყვით…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
