ნეაპოლელებო, მოგვერიდეთ! ეს თქვენი ქალაქი არ არის

Home აქეთურ-იქითური ნეაპოლელებო, მოგვერიდეთ! ეს თქვენი ქალაქი არ არის
ნეაპოლელებო, მოგვერიდეთ! ეს თქვენი ქალაქი არ არის

Napoli title celebration on hold after draw with Salernitana | AP Newsიზრდება იმ იტალიური ქალაქების რაოდენობა, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს არ სურს, რომ ნეაპოლელებმა სკუდეტოს მოგება მათ ტერიტორიაზე იზეიმონ. მეტწილად ეს ჩრდილოეთის ქალაქებია, თუმცა პირველად ამის შესახებ სალერნოელებმა განაცხადეს. მათ ოფიციალური განცხადებაც კი გამოაქვეყნეს. დაახლოებით ერთი კვირის წინ სალერნოელებს „იუვენტუსის” გულშემატკივრები შეუერთდნენ და შემდეგ დაემატნენ „ატალანტას”, „ტორინოს” და ბოლოს „უდინეზეს” ქომაგები. არადა, „აძური” ხვალ სწორედ უდინეში თამაშობს, სადაც ფრის შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.

რასაკვირველია, სოციალურ ქსელებში იყო ასეთი დამოკიდებულებით აღშფოთებული ხალხის პოსტებიც. ისინი ადამიანებისთვის ზეიმში ხელის შეშლას სამარცხვინო საქციელად მიიჩნევენ. „ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს სკუდეტოს აღნიშვნა”, — წერენ ეს ადამიანები და „ნაპოლის” ჩემპიონობით გაბრაზებულებს ნეაპოლის ისტორიული ძეგლებისა და კულტურული ფასეულობების პატივისცემისკენ მოუწოდებენ, მაგრამ სავარაუდოდ ამით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. მტრული გარემო გამოგონებული ამბავი არ არის. მერე რა, რომ Nielsen-ის კვლევების თანახმად „პარტენოპეელებს” მთელს მსოფლიოში 35 მილიონი ქომაგი ჰყავთ და მათ უნდათ, რომ 33 წლიანი ხელმოცარვის შემდეგ კვლავ ჩემპიონობა იზეიმონ.

„უდინეზეს” გულშემატკივრებმა დაწერეს: „უდინე მხოლოდ შავი და თეთრია. „იუვენტუსის”, „ინტერისა” და „მილანის” ტიფოზებისთვის არასდროს დაგვირთავს ნება ჩვენს ქალაქში გაეხარათ. ზუსტად ასე, უფრო მეტადაც სძულთ ნეაპოლელებს როდესაც მათთან სხვები ზეიმობენ. მათთან შედარებით უდინე მხოლოდ შავი და თეთრია”.

ეს განცხადება გუშინ დღის მეორე ნახევარში გავრცელდა და პოლიციამ მუქარის შემცველ ტექსტად მიიჩნია. უდინეს პოლიცია განსაკუთრებით ორ ადგილს უფრთხის: ავტოსადგომებს, სადაც ეშმაკმა უწყის რა მოხდება, თუკი ხვალ „ნაპოლი” თავის მესამე სკუდეტოს მოიგებს და „დაჩია არენას” (იმავე „სტადიო ფრიულის”), სადაც თამაშის დაწყების წინ, ბილეთის საშოვნელად უამრავი ნეაპოლელი შეიკრიბება.

ორ კლუბს შორის ურთიერთობა 2010 წელს გაფუჭდა, როდესაც „სტადიო ფრიულის” მისადგომებთან დიდ ჩხუბში უამრავი ხალხი დაშავდა. მას მერე, „კურვა ნორდი” (ჩრდილოეთ ტრიბუნა) უკლებლივ ყველა შეხვედრაში აუცილებლად მღერის ნეაპოლელების შეურაცხმყოფელ სიმღერას.

ზემოთ ნახსენებ უდინეს პოლიციას დიდი ოფლისღვრა მოუწევს, რადგან „ნაპოლი” მათ ქალაქში ორი ღამის გატარებას აპირებს. სტადიონზე, ყველა სექტორში, სავარაუდოდ 12 ათასი სტუმარი გულშემატკივარი იქნება. თავად „უდინეზეს” კლუბმაც გაავრცელა თხოვნა ტიფოზებში, რათა მათ საფეხბურთო ზეიმი არ ჩაშალონ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ნაპოლის” მოახლოებულ ზეიმზე ბევრგან ღიზიანდებიან. აი, „იუვენტუსის” გულშემატკივართა კლუბის 1897 წლის 1 ნოემბრის განცხადება: „ტურინში მხოლოდ ორი კლუბია, რომელთაც მოედნების თავიანთი ფერებით შეღებვის უფლება აქვთ. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ბიძაშვილები („ტორინო” იგულისხმება) სერია B-დან სერია A-ში გადასვლას ზეიმობენ, ვცდილობთ თავი შევიკავოთ და არ მივუვარდეთ, მაგრამ რას იზამ, ეს მათი ქალაქიც არის. მაგრამ, ეს ნამდვილად არ არის თქვენი ქალაქი, ამიტომ მოგვერიდეთ. აქ ზეიმის საშუალებას არ მოგცემთ”.

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.