
„დერბი დელა კაპიტალე” ანუ რომაული დერბი მატია ძაკანის გოლით „ლაციომ” მოიგო — 1:0. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ იტალიის დედაქალაქის გუნდების დაპირისპირებაში ისევ „ბიანკოჩელესტიმ” გაიმარჯვა. მიმდინარე სეზონში ისინი უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, და ორივეჯერ „ლაციომ” იყოჩაღა. ანგარიშიც ერთნაირი გახლდათ.
ამრიგად, „ლაციოს” თავკაცი მაურიციო სარი გახდა მწვრთნელი, რომელმაც „არწივებს” „რომასთან” ერთ სეზონში ორივე შეხვედრა მოაგებინა და თან გოლი არ გაუშვია. ასეთი რამ ბოლოს 1972-73 წლებში ლეგენდარულმა ტომაზო მაესტრელიმ გააკეთა — მაესტრელი გახლავთ ის სპეციალისტი, რომელმაც ერთი წლის შემდეგ „ბიანკოჩელესტი” ისტორიაში პირველად მიიყვანა სკუდეტომდე.
„ჩემი სურვილია „ლაციოს” ფეხბურთელების გულებში დავიმკვიდრო ადგილი, — თქვა სარიმ, — რაც უფრო დიდხანს ტრიალებ „ლაციოს” სამყაროში, მით უფრო იჟღინთები დერბის სულით. გუშინ ვერ დავიძინე. ისტორია სულ უფრო და უფრო მითრევს. ბედნიერი ვარ გულშემატკივარი რომ გავახარეთ. ეს იყო ნამდვილი შოუ”.
ზემოთ ერთ სეზონში ორი ისეთი გამარჯვების ამბავი ვახსენეთ, როდესაც „ლაციომ” გოლი არ გაუშვა. რაც შეეხება ერთ სეზონში ორ მოგებას, ოღონდ ისეთს, როდესაც „რომამ” გოლის გატანა მოახერხა, ეს „ლაციომ” ბოლოს 11 წლის წინ შეძლო. 2011-12 წლების სეზონში გუნდს ედუარდო რეია ედგა სათავეში. საინტერესოა, რომ ორივე შეხვედრა მაშინაც ერთნაირი ანგარიშით დამთავრდა — 2:1. ასე რომ სარის შედეგები თვალსაჩინოა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
