საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა გიგაშვილმა სეზონში პირველი ლელო მიითვალა. „ტულონის მარჯვენა ბურჯმა „კლერმონთან“ საშინაო მატჩის 35-ე წუთზე „ვულკანების“ ჩათვლის მოედანი დალაშქრა და თავისი გუნდი დააწინაურა. საბოლოოდ „ტულონმა“ 30:29 მოიგო და კლერმონელებს პრემიალური ქულა გაატანა. გიგაშვილმა პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო სტუმართა შორის ზედიზედ მეორე მატჩში 20 წლის გიორგი ძმანაშვილი გამოჩნდა, რომელმაც გასინბინებული პირველხაზელი 34-ე წუთზე შეცვალა, 8 წუთში მოედანი დატოვა, 73-ეზე კი მეორედ ჩაერთო თამაშში და მატჩიც ჩაამთავრა.
ტოპ 14-ის მესამე ტურში ორი ქართული სინბინიც დაფიქსირდა. „ბრივმა“ შინ ჩემპიონ „მონპელიესთან“ ომი ბოლო წუთებში დათმო – 26:31, თუმცა სანუგეშო ბონუსი მაინც მიიღო. ბრიველი ვანო კარკაძე თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო და 63-ეზე ყვითელი ბარათი „გამოიმუშავა“. ამ მატჩში ორი ბორჯღალოსანი 9 ნომრის უშუალო დუელიც ვიხილეთ. ვასილ ლობჟანიძემ „ბრივში“ კარკაძის გაძევებამდე ითამაშა, ხოლო გელა აფრასიძე „მონპელიეს“ შერკინებას პირველიდან 52-ე წუთამდე მართავდა.
მეორე ქართული სინბინი საფრანგეთის დედაქალაქში დაფიქსირდა: „ბაიონის“ ბორჯღალოსანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე „სტად ფრანსესთან“ მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს გააძევეს. ეს კოტესთვის უკვე მეორე ყვითელი ბარათია ტოპ 14-ის სამ განვლილ ტურში. ის 68-ეზე შეცვალეს, მაგრამ 4 წუთში კვლავ დააბრუნეს თამაშში. მასპინძელთა შორის 52-ე წუთამდე გიორგი მელიქიძემ ითამაშა.
„ბორდომ“ „კასტრს“ 33:12 მოუგო და დამარცხებულთა შორის 61-ე წუთიდან ლევან ჩილაჩავამ ითამაშა.
„რასინგ-92“-მა „ლიონს“ 32:19 მოუგო. პარიზელთა შორის 58-ე წუთზე გია ხარაიშვილი გამოჩნდა, ლიონელებში კი ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.
ბექა გორგაძემაც სრულად ჩაატარა მატჩი „ტულუზის“ წინააღმდეგ, რომელიც მისმა „პომ“ ბრწყინვალედ წარმართა და 26:16 მოიგო. ბასკთა შორის გუნდის ქართველი კაპიტნის გადა კიდევ გურამ პაპიძეც იყო, ვინც 52-ე წუთამდე ითამაშა.
ორშაბათს კი „მიდი ოლიმპიკმა“ უიქ-ენდი შეაჯამა და ტოპ 14-ის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ქართველი შეიყვანა, ორივე – ბეკა. 7 ნომრად საუკეთესოდ გორგაძე დასახელდა, ხოლო 3 ნომრის პოზიციაზე გიგაშვილი გამწესდა.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/06/2026 | 13:59ფინალი: ალანია vs ჯალაღონია
სიახლეები01/06/2026 | 14:40მელიქიძე ქართველებში გალიდერდა
კატეგორიის გარეშე14/04/2026 | 13:24შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
დავთარი06/04/2026 | 19:041 ევროპული და 5 ფრანგული
