„ლივერპულმა“ მილანში, „ინტერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ციდან ვარსკვლავები ნამდვილად ვერ მოწყვიტა, მაგრამ 2:0 მოიგო. მერსისაიდელებმა მტკიცე ხასიათი და გამარჯვებისადმი ლტოლვა გამოამჟღავნეს. აშკარაა, რომ ისინი 28 მაისს, პეტერბურგში, ფინალში თამაშს უმიზნებენ.
„მთავარი ის კი არ არის, რომ ყველა შეხვედრაში ათიანზე ითამაშო. ამა თუ იმ მატჩის მსვლელობისას რასაკვირველია იქნება მონაკვეთები, როდესაც გაგიჭირდება, იჯახირებ, მაგრამ უნდა გაუძლო, ეს უნდა გადალახო. მთავარი ხასიათია, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს კი ხასიათი არ აკლიათ“, — თქვა ტელეკომპანია BT სპორტზე გამოსვლისას ვეტერანმა ინგლისელმა ვარსკვლავმა და მიმომხილველმა რიო ფერდინანდმა.
„ინტერისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა თითქოს 0:0-ისკენ მიდიოდა, მაგრამ 75-ე წუთზე საქმეში რობერტო ფირმინო ჩაერია. ბრაზილიელმა ენდრიუ რობერტსონის ჩაწოდებულ კუთხურს თავური დაარტყა და ანგარიში გახსნა. რვა წუთის შემდეგ მო სალაჰმა მეორეც შეაგდო.
„ლივერპულის“ უტეხობით მოხიბლული დარჩა „ინტერის“ ყოფილი მცველი ეშლი იანგიც, რომელიც ახლა „ასტონ ვილაშია“.
„მეორე ტაიმში „ინტერს“ უნდა შეეტია და ასეც მოიქცა, მაგრამ ბოლო ხეირიანი პასი თუ ჩაწოდება აკლდა, რის გამოც გოლი ვერ გაიტანა. კარგი გუნდი კი ადრე თუ გვიან გოლს მაინც გაიტანს. სწორედ ეს ქნა „ლივერპულმა“. რად უნდა ლაპარაკი, რომ მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტები არიან“, — უთხრა იანგმა BBC Radio 5Live-ს.
„ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა რობი ფაულერმა კი BT სპორტის მაყურებელს ასე განუმარტა: „ეს დიდი გუნდის თვისებაა. მან სულაც არ ითამაშა ჩინებულად, მაგრამ მოიგო. ბოლოს და ბოლოს ყველაფერზე მთავარი ხომ შედეგია“.
„ლივერპულზე“ ხშირად ამბობენ, რომ მისი ხიბლი და კოზირი შეტევაა, მაგრამ ამ შემთხვევაში სოლიდური დაცვა აღმოჩნდა. ეს მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე სტუმრების გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც დაადასტურა.
2:0-მა საპასუხო შეხვედრის ცალსახა ფავორიტად რასაკვირველია მერსისაიდელები აქცია, მაგრამ კლოპი ფრთხილობს: „ჯერ კიდევ საშიშია. ჯერ შუა გზაში ვართ. ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე ვართ. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ“.
https://www.youtube.com/watch?v=cdXZdCe7h0I
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
