შაბათს პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ისრაელში ადგილობრივი „თელ-ავივ ჰითი“ ბონუსით, 52:28 დაამარცხა და „ევროპის რაგბის“ სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილს სათავეში 20 ქულით ჩაუდგა.
ისრაელის გუნდი მესამე ადგილზე და ნახევარფინალს მიღმა დარჩა. „შავმა ლომმა“ კი ამ გუნდის ძლევით მომდევნო ეტაპზე ავტომატურად გაიყოლა კრასნოიარსკის „ენისეი-სტმ“, რომელიც ქართული გუნდის კვალად ცხრილში გარანტირებულად დარჩა მეორე ადგილზე.
გაისად გაზაფხულზე რუსეთის ჩემპიონი ჩვენს ფრენჩაიზს უმასპინძლებს და სწორედ იქ გაირკვევა, ვინ გავა პირველზე და ვინ – მეორეზე. ამას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, რადგან ჯგუფის გამარჯვებული აპრილში დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს, ესპანურ ფრეჩაიზ „იბერიანსს“ უმასპინძლებს, ხოლო აღმოსავლეთის მეორეადგილოსანი კი, პირიქით, დასავლეთის უძლიერეს გუნს ეწვევა -პორტუგალიურ ფრენჩაიზ „ლუზიტანუშს“, რომელმაც ჯგუფში ყველა, ექვსივე მატჩი მოიგო და მათ შორის ხუთი – ბონუსით. ანუ ფსონი საკმაოდ სოლიდურია და ციმბირული კლუბი აშკარად არ იქნება შეგუებული ევროპის უკიდურეს დასავლეთში გამგზავრებას და ყველაფერს გააკეთებს, რათა მშობლიურ კრასნოიარსკში ან სამხრეთულ სოჭში ესპანელებს უმასპინძლოს.
ამისთვის მათ „შავი ლომი“ უნდა დაამარცხონ, ოღონდ პირველობის გარანტიას ბონუსით მოგება მოუტანთ, ან უბონუსო, და დამატებითი მაჩვენებლების უპირატესობით, ოღონდაც ქართველებმა სანუგეშო ბონუსი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღონ.
თუმცა, ეს ყველაფერი თეორიული ვარიანტებია და მათი ასრულების ალბათობა ძალიან დაბალია. „შავი ლომი“ რუსეთში მოსაგებად ჩავა და ძალთა რეალური შეფასებისას შეიძლება ითქვას, რომ ეს ვარიანტი უფრო ახლოა სინამდვილესთან.
ცოტაოდენი გუშინდელ თამაშზეც ვთქვათ, რადგან სავარაუდოდ ვისაც რაგბი აინტერესებს, ტელერეპორტაჟს ყველა იხილავდა. ქართველებმა ერთი მეორეზე ეფექტური 7 ლელო გაიტანეს, რომელთაგან 3 კაპიტანმა შალვა მამუკაშვილმა მიითვალა. ასე აღნიშნა ბორჯღალოსანმა კვაჭმა ვაჟის დაბადება. სამივე ლელო შეუჩერებელ ქართულ მოლს მოყვა, ხოლო აკა ტაბუცაძის დუბლი მატჩის ნამდვილი მშვენება იყო – ასევე ბორჯღალოსანმა გარემარბმა ორივე შემთხვევაში პარტნიორებს ეფექტური გადაცემები დაუფასა და არანაკლებ ეფექტურად დაამიწა ბურთი მასპინძელთა ჩათვლის მოედანზე. ერთი მოლი სანდრო მამამთავრიშვილმა დააგვირგვინა, ხოლო თენგიზ პერანიძემ თავისი წილი ლელო ლამაზი კომბინაციის შედეგად დადო.
ამით ქართული რაგბი ზამთრის არდადეგებზე გავიდა, თუმცა უკვე თებერვალში ნაკრებს ევროპის მორიგი ჩემპიონატი ეწყება, ანუ შესვენება მხოლოდ თვენახევრიანი იქნება.

ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/06/2026 | 19:05უნაყოფო ლელოები
სიახლეები14/06/2026 | 18:05ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
სიახლეები08/06/2026 | 13:48ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
სიახლეები07/06/2026 | 19:29ალანია – ჩემპიონი
