ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა – მისმა გუნდმა ნახევარფინალში საფრანგეთს მოუგო 2:0. მატჩის შემდეგ „ლა როხას“ თავკაცმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
…გრძნობის აღწერა ყოველთვის ძნელია. ის რასაც ახლა ვგრძნობ ალბათ არის ბედნიერება და სიამაყე, რომ ასეთ პროფესიონალებს ვხელმძღვანელობ. ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა. შევეცდებით ეს შანსი გამოვიყენოთ.
…რასაკვირველია, ძალიან დიდი დაძაბულობაში ვართ. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტობა ხომ უზარმაზარი პასუხიმგებლობაა. იმავდროულად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თამაში რჩეულთა ხვედრია და ეს ფაქტი ღირსეულად უნდა მივიღოთ. ეს გეგმა ოთხი წლის წინ დავსახეთ და ბოლომდე ჩვენი იდეის ერთგულები დავრჩით. სწორედ ამან მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე.

…ვინც დღეს არ ითამაშა, მატჩის დამთავრების შემდეგ ივარჯიშა. ეს ნათლად გვაჩვენებს, თუ რა პრინციპზეა ჩვენი გუნდი დაფუძნებული.
…ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი რატომ გავხდი? ასეთია ცხოვრება. სიმშვიდეს ღვთის რწმენაში ვპოულობ. მწამს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ასე უნდა მომხდარიყო. მიზანთან ახლოს ვართ და ეს არის მაგალითი იმისა, რომ ჩემი დამსახურება სხვისას არ აღემატება, მაგრამ მუდამ ვცდილობდი სამაგალითო ვყოფილიყავი. ადამიანმა არასდროს არ უნდა შეწყვიტო მუშაობა. რომ დაეცემი უნდა ადგე და გზა განაგრძო. მე არაფრის მაგალითი არ ვარ, მაგრამ თუ ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების წაუვიდეს საქმე კარგად. ვინ იფიქრებდა. აგერ, ზღურბლთან ვდგავართ. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება თუ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებით?
…დიდი პატივია, როდესაც მეფე გიყურებს. მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი ერთსულოვანი ქვეყანა. მოდი ამით სიამოვნება მივიღოთ. ტრიუმფამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა. გუნდი აქ თავის წვენში იხარშება, თავის პატარა სამყაროშია, მაგრამ ვგრძნობთ, რომ გარედან ძალიან გვიჭერენ მხარს და ამისათვის მადლობელი ვართ.
…ჩვენი გუნდი მუდმივად მაოცებს. აქ პროგრესისთვის ამოუწურავი სივრცეა. ეს სამსახურია. პროცესია. მთავარი იყო საჭირო მომენტს კარგ ფორმაში შევხვედროდით. ჩვენ ყველაფერში ძალიან მაღალ დონეზე ვართ.
…დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ, ისინი კი ეთამაშნენ საუკეთესოს. ესპანელი ფეხბურთელები უმაღლესი დონის შეჯიბრებებში მსოფლიოში ყველაზე სწორად იქცევიან.

…დიდიე დეშამზე რა გითხრათ. ადამიანი როდესაც მარცხდები თავის გამართლებას ცდილობ. ჩვენც გვქონდა მსაჯობასთან დაკავშირებით ცუდი მომენტები. ურუგვაისთან თამაში გამახსენდა. იყო ეპიზოდები, როდესაც დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ. დიდსულოვნება უნდა გამოვიჩინოთ. ერთადერთი, რაც მსურს არის ის, რომ ყველაფერი გაუმჯობესდეს: მსაჯობა, VAR და სხვა.
…სულერთია ფინალში ვინ შეგვხვდება. თუმცა, სკალონისთან ვმეგობრობ და ამიტომ ალბათ არგენტინა მირჩევნია. მეორე მხრივ ინგლისის ნაკრები ძალიან მაღალი დონის გუნდია.
…2013 წელს ჩავიბარე გუნდი, რომელიც 2015 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა 19-წლამდელებს შორის. ვინ იფიქრებდა მაშინ რომ… ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ გასახდელი ისეთი ხალხისგან იყო შეკრული, რომელსაც ერთმანეთთან რაღაც განსაკუთრებული აკავშირებდათ და ამ კავშირების გაწყვეტა ძნელია.
…ჩემი კერპები იყვნენ ლუის არაგონესი, ვისენტე დელ ბოსკე, ინიანი საესი. არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს ფინალში მხოლოდ მოგება ფასობს. ფინალიც სიამოვნებისთვის არსებობს. ჩვენი იდეაც სწორედ ეს არის და რასაც მივაღწიეთ ასეთი მიდგომით მივაღწიეთ. ის რაც შემდეგ შეიძლება მოხდეს, ტორტზე მარწყვი იქნება.
…დანი ოლმო უნივერსალია. ის როგორც ფეხბურთელი იმიტომ გაიზარდა, რომ მთელი გუნდი გაიზარდა. პირიქით კი არ მომხდარა. ოლმო თავის პოზიციაზე უბადლოა.
…როდრის შესახებ კითხვის დასმა ინტელექტის შეურაცხყოფაა. ჩვენი გუნდი სწორედ ასეთი ფეხბურთელებისთვის არსებობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/07/2026 | 10:32ლუის დე ლა ფუნტე: ფინალიც სიამოვნებისთვის არსებობს
სიახლეები15/07/2026 | 08:52დეშამი: მარცხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის
კატეგორიის გარეშე15/07/2026 | 07:33კილიან მბაპე: ეს ნახევარფინალის საკადრისი თამაში არ იყო
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
