მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა დამაჯერებლად მოუგო საფრანგეთის ნაკრებს 2:0. მატჩის შემდეგ ფრანგების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
– ესპანეთმა გაკვეთილი ჩაგიტარათ?
– ესპანეთის ძლიერი გუნდია, რაც დაამტკიცა. ჩვენ კი საკუთარ შესაძლებლობებზე ცუდად ვითამაშეთ. ჩვეულებრივზე მეტი შეცდომა დავუშვით. ჩვენი მხრიდან ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. ჯეროვნად ძალების აღდგენაც ვერ მოვასწარით. მოკლედ, ჩვეულად ვერ ვითამაშეთ და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები. გარდა ამისა პირველ ტაიმში მსაჯის რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილებაც ვიხილეთ.
– რომელ გადაწყვეტილებებს გულისხმობთ? და კიდევ, თქვენმა გუნდმა გულშემატკივარს დიდი იმედი ჩაუსახა, მაგრამ გაუცრუვა კიდეც. ამის გამო გულის დაწყვეტა კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ხომ არ იყო?
– გულის დაწყვეტა მეტისმეტად დიდი იყო. გასახდელში ფეხბურთელები განადგურებულები იყვნენ. ისინი მებრძოლი ბუნების ადამიანები, სპორტსმენები არიან და მარცხმა მათზე ცუდად იმოქმედა. ყველაზე საწყენი საკუთარი შეცდომები იყო. რაც შეეხება მსაჯობას, მეოთხე და მეხუთე მსაჯები საქმეს დიდებულად გაუძღვნენ. მთავარი მსაჯის შესახებ კი მე თქვენ დაგისვამთ კითხვას, რომელზეც პასუხის გაცემას თავად არ ვაპირებ: იყო ეს არბიტრი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის შესაფერისი კვალიფიკაციის?

– რით ხსნით ამდენ ტექნიკურ წუნს?
– შესაძლოა ეს ჭარბი ემოციის ბრალი იყო. ჩვენ ბურთს საკმარისად არ ვფლობდით, რის გამოც მოწინააღმდეგემ შეცდომები დაგვაშვებინა. ბიჭებიდან ბევრისთვის ეს პირველი მუნდიალი იყო.
– ნახევარდაცვის ჩავარდნას რით ხსნით?
– ეს უმაღლესი დონის ფეხბურთია. ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი ისე უტევენ, რომ მეტოქეს თავისი ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ აძლევენ. ჩვენ გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. მაგრამ, ის, რომ ჩვენ კოლექტიურ თამაშსა და შეტევაში ვერ ვივარგეთ, უპირველეს ყოვლისა საკუთრივ ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის.
– ეს იყო თქვენი ბოლო კვირა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში. პიროვნულად რას განიცდით?
– ისევე როგორც ფეხბურთელებს მეც მქონდა ჩემი ამბიცია და სურვილი. რაც შეეხება ბოლო კვირას, ის ჩემთვის მოტივაციის საბაბი არ ყოფილა. ესპანეთთან დამარცხება კი უნდა ვაღიაროთ. ვიმეორებ, ეს უმაღლესი დონის ფეხბურთია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/07/2026 | 10:32ლუის დე ლა ფუნტე: ფინალიც სიამოვნებისთვის არსებობს
სიახლეები15/07/2026 | 08:52დეშამი: მარცხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის
კატეგორიის გარეშე15/07/2026 | 07:33კილიან მბაპე: ეს ნახევარფინალის საკადრისი თამაში არ იყო
აქეთურ-იქითური14/07/2026 | 09:57დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
