როდესაც ახსენებენ სიტყვას სუპერსათადარიგო, ძნელია გონსალო რამუში არ გაგახსენდეს. ნეტავ თუ არსებობს ვინმე, ვისაც თამაშში სკამიდან ჩართვა მასზე უკეთესად ეხერხება, რაც „პარი სენ ჟერმენის“ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა, როდესაც ხორვატიას გაუტანა გამარჯვების გოლი – 2:1.
25 წლის რამუში მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კადრში გამოჩნდა, თუ როგორ არიგებდა მას ჭკუას კრიშტიანუ რონალდუ. ძნელია იმის მტკიცება, რომ რამუშმა გამარჯვების თავური სწორედ რონალდუს შეგონების შედეგად გაიტანა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი რამ მოხდა და ახლა უკვე „მილანის“ ფორვარდს ორ მუნდიალზე 4 გოლი აქვს შეგდებული.
სტატისტიკა ამბობს, რომ პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში ასეთ ცოტა სათამაშო დროში ამდენი საგოლე მოქმედება არავის გაუკეთებია. რამუშს მუნდიალებზე ყოველ 37 წუთში ან გოლი გააქვს ან საგოლე პასს აკეთებს. ლეგენდარული ეუსებიო, რომელმაც 1965 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო, ყოველ 54 წუთში იყო შედეგიანი. ბრუნო ფერნანდეშის მაჩვენებელია 130 წუთი, პაულეტასი – 136 წუთი, ხოლო კრიშტიანუსი – 163 წუთი.

ხორვატების დამარცხების შემდეგ პორტუგალიელმა სუპერსათადარიგომ თავისი ქვეყნის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში იხუმრა: „თუ ბოლო წუთებზე გოლი დაგჭირდებათ, აქ ვარ! ამას პირველად, მეორედ ან მესამედ არ ვაკეთებ. მოკლედ, როდესაც ბოლო წუთებზე გოლი დაგჭირდებათ დაურეკეთ გონსალო რამუშს“.
რამუშის ამ თვისებით ფრიად ისარგებლა „პარი სენ ჟერმენმაც“. გაიხსენეთ გოლები „ტოტენჰემთან“ ან საფრანგეთის სუპერთასზე „მარსელთან“, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ბრედლი ბარკოლას პასით ანგარიში გაათანაბრა (2:2) და პსჟ მარცხისგან იხსნა.
X Stats du Foot-ის ინფორმაციით გონსალო რამუშმა როგორც ნაკრებში ასევე კლუბებში თავისი გოლების 31% (97-დან 30) შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/07/2026 | 10:15გონსალო რამუში: როცა ბოლო წუთზე გოლი დაგჭირდებათ, იცით ვისაც უნდა დაურეკოთ!
მთავარი ამბავი04/07/2026 | 09:16კაბო ვერდე დამარცხდა, მაგრამ გაიმარჯვა!
აქეთურ-იქითური03/07/2026 | 11:08დიომანდეს ინტერნეტი არ ჰქონდა
მთავარი ამბავი03/07/2026 | 09:24პორტუგალიამ საოცარი გამარჯვება დიოგო ჟოტას მიუძღვნა
