ბელგიელებს ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ: ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში სენეგალთან 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. რომელუ ლუკაკუმ და იური ტილემანსმა ძირითადი დროის დამთავრებამდე 4 და 1 წუთით ადრე გაათანაბრეს ანგარიში, დამატებითი დროის ბოლო წუთზე კი სენეგალის კარში პენალტი დაინიშნა და ტილემანსმა გამარჯვების გოლიც შეაგდო. (ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა ჰაბიბ დიარამ, ხოლო 51-ე წუთზე ისმაილა სარამ სენეგალელთა მეორე გოლი გაიტანა).
მატჩისშემდგომი ვითარება სენეგალელთა ბანაკში ემოციური გამოდგა. პაპე გუიემ სოციალური ქსელის მეშვეობით ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.
„ჩემპიონატიდან გავარდნის შესახებ მომავალში ვილაპარაკებ, დღეს კი ვაცხადებ, რომ სანამ ნაკრების სათავეში ეს მწვრთნელები იქნებიან, მე ეროვნულ გუნდში არ ვითამაშებ“, – დაწერა „ვილიარეალის“ ნახევარმცველმა ინსტაგრამზე.
როგორც ირკვევა მსოფლიოს ჩემპიონატზე სენეგალელთა მონაწილეობას ლაიტმოტივად ფეხბურთელებს შორის გაუგებრობა სდევდა. იწერებოდა, რომ მწვრთნელებს ფავორიტები ჰყავდათ და ეს ფავორიტიზმი ხშირად სპორტულ პრინციპს არ ეფუძნებოდა.

მიქს-ზონაში „ევერტონის“ ნახევარმცველმა იდრისა განა გეიემ ჟურნალისტებს უთხრა: „სამწუხაროა, რომ რაც ჩემპიონატი დაიწყო წამყვანი ფეხბურთელების დემონიზება წამით არ შეწყვეტილა. არადა წამყვანი ფეხბურთელები გუნდში იმიტომ არიან, რომ ყველაფერი სწორად წარიმართოს. ასეა ყველგან, ნაკრებსა თუ კლუბში. სენეგალში კი ეს უბრალო ჭეშმარიტება პრობლემურ საკითხად იქცევა ხოლმე. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. როდესაც მწვრთნელი დავალებას იძლევა, ჩვენ, წამყვანი ფეხბურთელები მას გუნდს ვუხსნით, რათა მოთამაშეებმა, რომლებიც ხშირად ვერ ხვდებიან შემადგენლობაში ყველაფერი სწორად გაიგონ. ჩვენ ველაპარაკებით მათ, ვინც ფორმაში არ არის, რათა მათ უფრო მეტი მონდომებით ითამაშონ. ამაში განსაკუთრებული არაფერია“.
„მონაკოს“ მცველი კეპრენ დიატა: „ამ დონეზე პრობლემა დეტალებში კი არა, განწყობაშია. როდესაც 85 წუთამდე 2:0-ს იგებ, დაცვაში შეუვალი უნდა იყო. ანგარიში ხელიდან არ უნდა გაგექცეს. ჩვენ ჩავფლავდით. შეჯიბრების ამ ეტაპზე მენტალურად თუ არ ხარ მზად, საკუთარ თავს კითხვები უნდა დაუსვა. გვინდოდა ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ახალი თავი დაგვეწერა, მაგრამ ვერ ვივარგეთ. ეს თამაში არ უნდა წაგვეგო. თავის გამართლებას თავი უნდა დავანებოთ. ასეთ ვითარებაში დაცვაში მთელი გულით და სულით უნდა ითამაშო“.
ამასობაში თავდამსხმელმა მბეი დიანმა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იმყოფებოდა სოციალურ ქსელში დაწერა: „იმიტომ წავაგეთ, რომ მწვრთნელმა არასწორი შეცვლები განახორციელა“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები02/07/2026 | 10:19სენეგალის წაგება შიდა არეულობის ბრალი იყო
აქეთურ-იქითური02/07/2026 | 09:11ინგლისს წყლის შესვენებამ მოაგებინა?
სიახლეები01/07/2026 | 11:55მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს
მთავარი ამბავი01/07/2026 | 09:09იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია
