ნიუ იორკის მერი, უგანდაში დაბადებული, წარმოშობით ინდოელი ზოჰრან მამდანი ამბობს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს საკმარისზე მეტი ფული შემოაქვს და გულშემატკივარს მაღალი ფასები აღარ უნდა დაუწესონ.
მუნდიალი, რომელიც მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში მიმდინარეობს ყველაზე ძვირია ― ჯგუფურ ეტაპზე ბილეთების ფასი 350-5000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბილეთების გარდა ამერიკა გულშემატკივარს სასტუმროებისა და ტრანსპორტის გაზრდილი ფასებითაც დახვდა. საინტერესო ფაქტს გვეუბნება BBC: ნიუ ჯერსის სტადიონისკენ მიმავალი მატარებლის ფასი ხალხის უკმაყოფილების გამო შეამცირეს, მაგრამ ის ჩვეულებრივ ფასზე მაინც 10-ჯერ(!) მაღალი დარჩა.
35 წლის მამდანი, რომელიც ნიუ იორკის მერის თანამდებობაზე იანვარში აირჩიეს ხელს ფიფასკენ იშვერს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მიმდინარე მუნდიალიდან დაახლოებით 9 მილიარდ დოლარს მოიგებს, რაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის მიერ დატოვებულ მოგებაზე მეტია. მამდანიმ BBC Radio 5 live-თან საუბარში თქვა:

„ჩვენ თავიდანვე მკაფიოდ ვთქვით, რომ გვინდოდა ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ყველასთვის ყოფილიყო. ნიუ ჯერსის სტადიონისკენ მიმავალი ბილეთის ფასი დაახლოებით 100 დოლარია. კარგად მესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება წაგებისგან თავის დაზღვევის მიზნით მიიღეს. ვფიქრობ, შემოსავალი არა მხოლოდ ამ, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ჩემპიონატს საკმარისად მოაქვს, რის შედეგადაც ყველანაირი ხარჯი სწორდება და სულ არ არის აუცილებელი, რომ დეფიციტი გულშემატკივარს დააფარინონ“.
BBC-მ დათვალა, რომ ინგლისის ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაზე დასასწრებად ბრიტანეთიდან ჩასულ გულშემატკივარს 6500 დოლარი სჭირდებოდა.
მამდანიმ თქვა, რომ ნიუ იორკმა გადაწყვიტა დაეხმაროს გულშემატკივარს და ქალაქში უფასო ფანზონები მოაწყო.
მამდანი: „როდესაც ბილეთების ასეთ ფასებს უყურებ, შიშობ, რომ ყველა ვერ შეძლებს გახდეს ზეიმის მონაწილე. მეამაყება, რომ ჩვენ ყოველ შეხვედრაზე უზრუნველვყავით 1000 ცალი 50 -დოლარიანი ბილეთი, რასაც ქალაქის ყველა რაინში უფასო ფან-ფესტი ემატება. როდესაც მე მერი გავხდი, ფანზონებში შეშვებაზე ხალხისთვის ფულის გამორთმევას აპირებდნენ. მიხარია, რომ ამ გადასახადის გაუქმება მოვახერხე.
მინდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში ნიუ იორკელებმა და მათმა სტუმრებმა ჩვენი ქალაქი ხელახლა აღმოაჩინონ. ჩვენ დავითანხმეთ 900 ბარი და რესტორანი, რომლებიც გულშემატკივარს 26-დოლარიან სადილს შესთავაზებს. გვინდა ბილეთები ყველასთვის მისაწვდომი გახდეს და თავი ყველამ დიდი ტურნირის ნაწილად იგრძნოს. ეს არის სპორტის კომერციალიზაციის წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლის ნაწილი. სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
