ტუხელი ხალხს დაასვენებს

ტუხელი ხალხს დაასვენებს

ინგლისის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა გულშემატკივარს სიმშვიდისკენ მოუწოდა. შაბათს L ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პანამის წინააღმდეგ, რომელიც ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“ უნდა გაიმართოს, ის შემადგენლობის გადახალისებას აპირებს.

ტუხელი: „ზოგი ფეხბურთელი დაიღალა, ამიტომაც როტაციას არ მოვერიდები“.

პირველი, ვის დასვენებაზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ არის არსენალელი დეკლან რაისი. მას ბარძაყის კუნთი აწუხებს. სამშაბათს განასთან 0:0-ის შემდეგ მან მოედანი შეხვეული მარცხენა წვივით დატოვა.

27 წლის რაისმა გასულ სეზონში „არსენალისა“ და ნაკრების შემადგენლობაში 64 მატჩი ჩაატარა.

26 წლის მარჯვენა მცველის, „ჩელსის“ მოთამაშის რის ჯეიმსის მდგომარეობაც სიფრთხილეს ითხოვს. ინგლისელი ექიმები შიშობენ, რომ გადატვირთვის გამო ის შეიძლება დაშავდეს, მაგრამ ტუხელი, რომელმაც ოთხშაბათს ფეხბურთელებს აღდგენის ვარჯიშები აკეთებინა, დარწმუნებულია, რომ განასთან ნაჩვენები უკბილო ფეხბურთის შემდეგ მისი გუნდი ისევ ისე ათამაშდება, როგორც ხორვატიასთან პირველ შეხვედრაში.

„წინ გრძელი გზაა. მსოფლიოს ჩემპიონი ოთხ-ოთხი გოლის გატანით არავინ გამხდარა. ინგლისის ნაკრები ყოველთვის ჩემპიონობას გეგმავს და პასუხისმგებლობას თავისებურებები მოაქვს. ჩვენ ცდას არ ვაკლებთ, თუმცა ხანდახან სასურველი შედეგის მიღწევა ძნელია. ამიტომ, უარყოფითად განწყობა არ არის საჭირო. მე ვნახე რამდენიმე მეორე ტურის მატჩი წამყვანი გუნდების მონაწილეობით. ბოდიში უპატივცემულობისთვის, მაგრამ მათ განას დონეზეც ვერ ითამაშეს. ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. ახლა პანამასთან გვიწევს შეხვედრა და ეს იქნება ჩვენი მეტოქეებიდან ყველაზე ნაკლებად ცნობილი გუნდი, მაგრამ რთულ თამაშს ველი“.

ინგლისელების კაპიტანი, 32 წლის ჰარი კეინი ცდილობს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად წლეულსაც „ოქროს ბუცი“ მოიპოვოს. „ბაიერნის“ თავდამსხმელი, რომელმაც ხორვატიას ორი გოლი გაუტანა, ამბობს, რომ სანერვიულო არაფერია:

„კარგ პოზიციაზე ვართ. პირველ შეხვედრაში მართლა ჩინებულად ვითამაშეთ. ყველა აღფრთოვანებული იყო. ბევრი კარგი რამ მოხდა მეორე შეხვედრაშიც. მაგალითად, დაცვაში კარგად ვიდექით. მოწინააღმდეგე კონტრშეტევებზე კარგად თამაშობდა, ჩვენ კი ის შევზღუდეთ. რასაკვირველია, რაღაცების გაუმჯობესება გვჭირდება. საერთოდ კი ჯგუფურ ეტაპზე მთავარია ფლეი-ოფში გახვიდე, რიტმი იპოვო და მსოფლიოს ჩემპიონატი შეიგრძნო. ჩვენ გვინდა პანამასთან მოვიგოთ და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ. ხოლო ნოკაუტის ეტაპი უკვე სრულიად სხვანაირი იქნება.“

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.