სანამ მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, ევროპა სატრანსფერო მოლაპარაკებებით არის დაკავებული. იტალიური მედია ირწმუნება, რომ „პარი სენ ჟერმენი“ „იუვენტუსის“ ნახევარმცველის კეფრენ ტურამის შეძენას ცდილობს.
პსჟ და „იუვე“ ერთი ხანია რანდალ კოლო მუანის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ახლა კი მათ საუბარში ახალი გვარ-სახელი გაისმა. ოთხშაბათს „გაძეტა დელო სპორტმა“ დაადასტურა, რომ „პარიზელები“ 25 წლის მოთამაშით არიან დაინტერესებულები. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უმცროსი ტურამი („ინტერის“ თავდამსხმელის მარკუს ტურამის ძმა და დიდი ფრანგი მცველის ლილიან ტურამის ვაჟი) პსჟ-ს ჯერ კიდევ მაშინ მოსწონდა, როდესაც ის „ნიცაში“ თამაშობდა.
აქ დასაზუსტებელია, რომ კოლო მუანისა და ტურამის შემთხვევები ერთმანეთთან კავშირში არ არის, ეს ორი დამოუკიდებელი სატრანსფერო საქმეა, უბრალოდ ტურამის სახელი მოლაპარაკებათა მაგიდასთან კოლო მუანის შესახებ საუბრის დროს გაისმა.

ნახევარდაცვის გადახალისებას აპირებს „იუვენტუსიც“. ამბობენ, რომ ტურინული კლუბი 31 წლის გერმანელის, „ბაიერნის“ მოთამაშის ლეონ გორეცკას შეძენას ცდილობს. თავისი გეგმებიდან გამომდინარე სერია A-ს მეექვსეადგილოსანი შესაფერის ფასად ტურამის გაყიდვასა და შემოსული ფულის სხვა მოთამაშის შესაძენად დახარჯვაზე უარს არ იტყვის. მაგრამ, რას ეწოდება შესაფერისი თანხა? „იუვენტუსისთვის“ ეს 40 მილიონი ევროა.
კეფრენ ტურამს „იუვესთან“ 2029 წლამდე აქვს კონტრაქტი. მას ჩინებული სეზონი ჰქონდა: ყველა შეჯიბრებაში ერთად 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მათგან 37 შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. ტურამმა გაიტანა 4 გოლი და გადააწოდა 5 საგოლე პასი. უმცროსი ტურამი გამოირჩევა შრომისუნარიანობით და ძალისმიერი თამაშით. მოედანზე მისი ყოფნა ყოველთვის საგრძნობია. ის დაჯილდოებულია თვისებებით, რომლებიც „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელთა შტაბს ძალიან მოსწონს.
„გაძეტა დელო სპორტი“ წერს, რომ კეფრენ ტურამი თავადაც დაინტერესდა პსჟ-ს წინადადებით. მას შეთავაზებები აქვს პრემიერლიგის რამდენიმე კლუბისგან, მაგრამ მათზე უარის თქმას აპირებს.
პსჟ-ში თამაში კეფრენ ტურამს ნაკრებში ფეხის მოკიდებაში დაეხმარება. ჯერჯერობით მას „ლურჯების“ მაისურით 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგან ბოლო 2025 წლის 16 ნოემბერს იყო აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
