აშშ-ში, ბენტლის უნივერსიტეტში, საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე უილიამ სალიბას პრეს-კონფერენცია გაიმართა. სალიბა დაიო უპამეკანოსთან ერთად გახლავთ „ლურჯების“ დაცვის ცენტრალური ფიგურა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული სეზონის შემდეგ გაემგზავრა. მან, როგორც „არსენალის“ ფეხბურთელმა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, თუმცა იქ „პარი სენ ჟერმენთან“ პენალტებით წააგო.
პრესკ-კონფერენციაზე სალიბას სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაახსენეს.
„ფინალის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მომიხდა გადართვა და ამიტომ ბუდაპეშტში ნაწვნევი მარცხის გადატანა შედარებით იოლი გამოდგა, თუმცა პირველი სამი-ოთხი დღე გამიჭირდა. ახლა უკვე ყველაფერი დამავიწყდა და ნაკრების სასადილოში პსჟ-ს ფეხბურთელებთან მეგობრულად ვხუმრობთ კიდეც. „არსენალი“ კი მომდევნო სეზონში უფრო ძლიერი გუნდი იქნება“, – თქვა 25 წლისა და 192 სანტიმეტრის ფეხბურთელმა.

მუნდიალის წინ ფრანგებს ორი ამხანაგური მატჩი ჰქონდათ, კოტ დ’ივუართან (1:2) და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (3:1), რომლებშიც სალიბამ მხოლოდ ერთი ტაიმი დაჰყო მოედანზე. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მან ორივე შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა, როგორც სენეგალთან (3:1) ასევე ერაყთან (3:0). თუმცა, არსენალელის პრობლემური ზურგი ექიმების რეგულარული დაკვირვების ქვეშაა.
სალიბა: „უკვე რამდენიმე თვეა დისკომფორტს ვგრძნობ, მაგრამ თავს ვერევი. მიხარია, რომ ნაკრებში ვარ, რომლის სამწვრთნელო შტაბი ჩემთან შესანიშნავად მუშაობს. ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და აქ ისეთი ადრენალინი გამოიყოფა, რომ ტკივილი მავიწყდება. ბევრი ფეხბურთელია ჩემს დღეში. მე სხვებივით 100 პროცენტით არ ვარ მზად. მიწევს კბილი კბილს დავაჭირო და თავის გასამართლებელი მიზეზები არ ვეძებო“.
ფრანგებს მესამე თამაში 26 ივნისს ნორვეგიასთან აქვთ. ამ შეხვედრაში I ჯგუფის პირველი და მეორე გუნდების ვინაობა უნდა გაირკვეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
მთავარი ამბავი23/06/2026 | 08:31მბაპე, წვიმა, მბაპე
