დიდი ხანი არ არის მას მერე, რაც გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მას საჯაროდ აკრიტიკებდა, მაგრამ ეთნიკურად იეზიდი დენიზ უნდავი მაინც მსოფლიოს ჩემპიონატზეა და ამტკიცებს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. მან კოტ დ’ივუარის ნაკრების კარში ორი გოლი გაიტანა, ჩამორჩენა შემოატრიალა და „ბუნდესმანშაფტი“ ფლეი-ოფის სტადიაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ გერმანელები ბოლო ორ მუნდიალზე, 2018 და 2022 წლებში ჯგუფში ჩარჩნენ.
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე უნდავი მოედანზე ორივე შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და შთამბეჭდავი სტატისტიკა დაწერა: 3 გოლი და 2 საგოლე პასი. შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს 1966 წლის შემდეგ ასეთი კარგი შედეგი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ― როჟე მილას 1990 წელს.
როგორც თავში ვთქვით 29 წლის ფეხბურთელის მუნდიალზე მოხვედრა სათუო იყო. ის მარტში, განასთან შეხვედრაშიც შეცვლაზე შევიდა და ბოლო წამებზე გოლი შეაგდო, რის მერეც ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ ნაგელსმანმა თქვა, ასეთი განცხადებებით თავს მეტისმეტი ზეწოლის ქვეშ აქცევსო. მწვრთნელი ისეთი გაბრაზებული იყო, რომ თქვა, უნდავი თავიდან რომ მეთამაშებინა გოლს ვერ გაიტანდაო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნაგელსმანს ფეხბურთელისთვის ბოდში მოუხდია. მას მერე უნდავი თავის სათქმელს მოედანზე ამბობს.

ახლა უკვე მიაჩნიათ, რომ დენიზ უნდავი ძირითადი შემადგენლობის კანდიდატია. მან თავისი სანაკრებო მონაგარი 11 შეხვედრაში 9 გოლამდე გაზარდა.
როდესაც კოტ დ’ივუართან გამარჯვების შემდეგ ნაგელსმანს ჰკითხეს შეიძლება თუ არა უნდავი სასტარტო თერთმეტეულში ვიხილოთო, მან უპასუხა: „რასაკვირველია. მე ადრე სხვადასხვა მიდგომებზე ვლაპარაკობდი. რატომ გავუფუჭო ადამიანს თამაში? ის ორჯერ შევიდა მოედანზე და ორივეჯერ გოლი გაიტანა“.
გერმანიის ნაკრებს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ხუთშაბათს ეკვადორთან აქვს.
უნდავამდე გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის პირველ და მეორე შეხვედრებში გოლები გაიტანა გახლდათ მიროსლავ კლოზე (2002). მის კამპანიაში მოხვედრა რასაკვირველია დიდი პატივია, მაგრამ ელიტაში მოხვედრამდე უნდავს რთული გზის გავლა მოუხდა. 14 წლის რომ იყო ის „ვერდერმა“ დაიწუნა, 17 წლისა კი ნახევრად პროფესიონალის სტატუსით რეგიონალლიგის კლუბში კვირაში 120 ევროს იღებდა და შეთავსებით დღეში რვა საათს ქარხანაში მუშაობდა.
„როდესაც 14 წლისას „ვერდერში“ მითხრეს, რომ მეტისმეტად დაბალი ვიყავი და მომავალი არ მქონდა, გული მეტკინა, მაგრამ იმედი არ გადამიწურავს. 17 წლისამ ოჯახი დავტოვე და „ჰაველსეში“ თამაშს ქარხანაში ლაზერული ჩარხის ოპერატორად დღეში რვა საათიან მუშაობას ვუთავსებდი. დილით 4 საათზე ვიღვიძებდი, ქარხანაში მივდიოდი, რის მერეც ვარჯიშზე მიმეჩქარებოდა და შინ საღამოს 8 საათზე ვბრუნდებოდი. მარტო ფეხბურთით მიღებული ფული ცხოვრებისთვის არ მყოფნიდა“.
2020 წელს უნდავი ბელგიის მეორე დივიზიონის „უნიონ სენტ ჟილუაზში“ გადავიდა, რომელსაც 25 გოლით ტოპ დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა. აქ ის ინგლისურმა „ბრაიტონმა“ შეამჩნია.

„ბრაიტონში“ უნდავმა პრემიერლიგის 22 შეხვედრაში 5 გოლზე მეტი ვერ გაიტანა და „შტუტგარტში“ გაანათხოვრეს, შემდეგ კი გაყიდეს. 2025-26 წლების სეზონში მან ბუნდესლიგაში 19 გოლი შეაგდო, ბომბარდირთა შორის მხოლოდ ჰარი კეინმა გაასწრო.
დენიზ უნდავმა ბოლოს გერმანიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 31 მაისს ფინეთის წინააღმდეგ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. იმ დღეს მას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს.
ახლა გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფეშია, ამ ნაკრების ამბიცია კი ყველას კარგად მოეხსენება. თუ ის მეხუთედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი, ქარხნის მუშა უნდავი თავბრუდამხვევ სიმაღლეზე აღმოჩნდება და გერმანული ფეხბურთის ისტრიაში დაიმკვიდრებს ადგილს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/06/2026 | 10:06ქარხნის მუშის გაბრწყინება
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 13:13ესპანური მედია წერს, რომ იამალი დაღვინდა
მთავარი ამბავი20/06/2026 | 09:48პირზე ხელის აფარებისთვის გაძევებული ალმირონი
აქეთურ-იქითური20/06/2026 | 06:53ალჟირმა პროტესტი შეიტანა
