მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა

მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშში, რომელშიც მექსიკამ სამხრეთ აფრიკას 2:0 მოუგო, მსაჯმა უილტონ სამპაიომ სამი ფეხბურთელი გააძევა. მან ჯერ ორ სამხრეთ აფრიკელს იაია სითოლესა და თემბა ზვანეს დაატოვებინა მოედანი, 90+2 წუთზე კი მექსიკელ სეზარ მონტესსაც მიუთითა გასახდელისკენ.

BBC წერს, რომ წინა ორი მუნდიალის დროს რუსეთსა და ყატარში არბიტრებმა მხოლოდ ოთხჯერ მიმართეს უკიდურეს ზომას, აი, 20 წლის წინ, 2006-ში კი მათ წითელი ბარათი 28-ჯერ ამოიღეს. სწორედ 2006-ში ვნახეთ ბოლოს ერთ შეხვედრაში სამი მოთამაშის გაძევება. ასეთი რამ მაშინ კიდევ ორჯერ მოხდა, პორტუგალიისა და ნიდერლენდების მატჩში კი სულაც ოთხ ფეხბურთელს მოუხდა მოედნის ნაადრევად დატოვება.

2017 წელს ფიფამ მსაჯების ახალ შეფად პიერლუიჯი კოლინა დანიშნა, რასაც ახალი ერა მოჰყვა. იტალიელი ხშირად იმეორებს, რომ გაძევება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია გამართლებული. მან მსაჯებს განუმარტა, რომ დარღვევის „უკანასკნელი იმედის“ ჯარიმად აღქმა ხშირად საჭირო არ არის და წითელი ბარათების რაოდენობაც ავტომატურად შემცირდა.

ზოგადად, მსაჯობა დიდად განაპირობებს იმას, თუ როგორი გამოდის მსოფლიოს ჩემპიონატი. ამ მუნდიალის წინ იტალიელმა უფრო დროის გაყვანასა და ფეხბურთელების ზოგად ქცევაზე გაამახვილა ყურადღება. წითელი ბარათების ფრიალზე ლაპარაკიც არ ყოფილა.

წითელი ბარათები მეტწილად გამართლებულია. მაგალითად დიდი სიბრძნე არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის მატჩში აფრიკელი სითოლე გასაგდები იყო – მან აშკარა საგოლე მომენტი ჩაშალა. შედარებით რთული იყო ზვანეს ეპიზოდი. ამ ეპიზოდში უხეშობა VAR-მა შეამჩნია.

ზვანესა და რობერტო ალვარადოს შორის გამართული ორთაბრძოლის შედეგად ალვარადო წაიქცა და ხელი თავზე მოიკიდა. მათი შეჯახება ბურთისგან მოშორებით მოხდა და VAR-ის კოლუმბიელმა მსაჯმა ნიკოლას გალომ არბიტრს მონიტორთან უხმო. ჩანაწერში მკაფიოდ არ ჩანდა ჩაარტყა თუ არა აფრიკელმა მექსიკელს თავში და თუ ჩაარტყა ეს განზრახ გააკეთა თუ შემთხვევით მოუვიდა. გულშემატკივარმა ალბათ არ იცის და ასეთ დროს მსაჯებს სთხოვენ ყურადღება მიაქციონ ხელს ― დამრღვევს მუშტი აქვს შეკრული თუ მტევანი გაშლილი აქვს. მუშტი აგრესიის ნიშნად ითვლება. ამ ეპიზოდში ზვანეს მუშტი სავარაუდოდ არ ჰქონდა შეკრული ანუ მსაჯის გადაწყვეტილება შესაძლოა ზედმეტად მკაცრი იყო.

მესამე, მექსიკელი ფეხბურთელის გაძევება კი იმთავითვე და კიდევ უფრო მეტად საკამათო გამოდგა. ხულისო მუდაუ მონტესს ის ის იყო უნდა გაცდენოდა, რომ უხეში ორთაბრძოლით წააქციეს, მაგრამ მუდაუ კარს ჯიქურ არ უტევდა გვერდიდან შერბოდა და ამიტომ არის მოსაზრება, რომ ეს ეპიზოდი ყვითელი ბარათით უნდა შეფასებულიყო, მაგრამ ბრაზილიელი მსაჯის გამართლებაც შეიძლება.

VAR-ზე გამოჩნდა: მუდაუ რომ არ წაექციათ ის შემდეგი მოძრაობით ბურთს გაისწორებდა და კარში დაარტყამდა. ახლო-მახლოს მოწინააღმდეგე არ ჩანდა. ანუ, სამხრეთ აფრიკელი ალბათ კიდევ ერთი შეხების მერე სავარაუდო გოლს გაიტანდა.

BBC გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ ეპიზოდში VAR-ს არბიტრისთვის სავარაუდოდ არაფერი უთქვამს.

რა გვაჩვენა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველმა თამაშმა? უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მსაჯები მასზე წითელი ბარათების ფრიალით უარყოფით დაღს დაასვამენ? ძნელი სათქმელია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ მუნდიალზე 104 თამაში უნდა ჩატარდეს ამდენ მატჩში კი საწითლე ეპიზოდების რაოდენობა მეტი იქნება. თავის მხრივ კოლინა აუცილებლად გააანალიზებს მდგომარეობას და ამიტომ ნაადრევი დასკვნების გამოტანას ჯერ მოვერიდოთ. თან პირველ შეხვედრაში სამიდან ორი გაძევება ალბათ მაინც სამართლიანი იყო.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.