ლა ლიგის ბოლო ტურმა AS-ს 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ანი ერნო გაახსენა, რომელმაც თქვა: „გიყვარდეს ის, რასაც ვერასდროს ნახავ ორჯერ’’. ესპანური გაზეთი წერს, რომ ამიერიდან „ატლეტიკოს’’ გულშემატკივრები მოედანზე ვეღარასდროს ნახავენ ანტუანს, გრიზის, გრიზუს, „პატარა უფლისწულს’’ – ანტუან გრიზმანს, რომელიც წლების განმავლობაში თავისი მხოლოდ ყოფნითაც კი ავსებდა მოედანს. იგივე შეიძლება ითქვას ვილიარეალელ დანიზე, ტვინზე, პარეხოზე. „ვილიარეალისა’’ და „ატლეტიკოს’’ შეხვედრა შეხვედრა სწორედ ამ ორ ფეხბურთელს ეკუთვნოდა, ისევე როგორც „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ მწვრთნელს მარსელინოს და მცველ ალფონსი პედრასას, რომლებიც ამ დღეს თავიანთ კლუბებს გამოემშვიდობნენ. მაგრამ ერთია, გრიზმანისთვის „ატლეტიკოს’’ შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ძალიან უიღბლო გამოდგა, რადგან „ვილიარეალმა’’ 5:1 მოუგო.
„მთელს შეხვედრად ღირდა იმის ნახვა, თუ როგორ გააკონტროლა ბურთი გოლის ეპიზოდში. ის იყო სახიფათო და ლეტალური. მან სეზონი კარგად დაასრულა’’, – ეს კი იმავე AS-ის სიტყვებია გამარჯვებული გუნდის თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომლისთვისაც შემდეგი თამაში უკვე 2 ივნისს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იქნება რუმინეთის წინააღმდეგ.
ამ შეხვედრამ, რომელშიც გოლები გაიტანეს პარეხომ (30-ე წთ, 1:0), აიოზე პერესმა (34-ე წთ, 2:0), მიქაუტაძემ (40-ე წთ, 3:0), მარკ პუბილმა (43-ე წთ, 3:1), პაპე გუეიემ (45-ე წთ, 4:1) და აიოზე პერესმა (54-ე წთ, 5:1), ლა ლიგის ცხრილის თავში ბოლო შტრიხები დასვა: „ვილიარეალი’’ მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო „ატლეტიკო’’ მეოთხეზე. სხვა მხრივ ორივე გუნდს თავი ქუდში ჰქონდა, რადგან მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება კარგა ხნის წინ მოიპოვეს.
ჟორჟ მიქაუტაძის თამაში კი ასე შეფასდა: flashscore – 8.1; sofascore – 8.1; whoscored – 8.2; fotmob – 8.2. მაღალი ქულებია.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ვერსიით საუკეთესო შეფასება აიოზე პერესმა მიიღო.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
სიახლეები20/04/2026 | 07:57ლივერპულში ჩარჩენილები
აქეთურ-იქითური17/04/2026 | 09:10დევიდ ვები: ოღონდ სწორი კლუბი უნდა შესთავაზოთ