პარიზმა წააგო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა

Home კატეგორიის გარეშე პარიზმა წააგო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა
პარიზმა წააგო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა

President of the United States Donald Trump and FIFA President Gianni Infantino present medals to the players following the FIFA Club World Cup 2025...„პარიზიენი’’ წერს: „პარი სენ ჟერმენი’’ გალაქტიკის მცველი ვერ გახდა. ის ადამიანთა გუნდად დარჩა, მაგრამ ღრუბელზე შეინარჩუნა ადგილი ― ჩემპიონთა ლიგის 2025 წლის გამარჯვებულია, რაც მთავარ მოვლენად რჩება. გუნდმა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ყველა პარამეტრით წააგო. ის თავად ჩააგდეს ისეთ საცოდავ დღეში, როგორშიც 31 მაისიდან, „ინტერთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5:0 გამარჯვების იმერე თვითონ აგდებდა მოწინააღმდეგეებს. ბოლოს, რამდენიმე დღის წინ „რელი’’ გაანადგურა, „ჩელსისთან’’ კი პირველი ტაიმის მერე უკვე 0:3-ს აგებდა.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ხაზს უსვამს, რომ პარიზული გუნდის ფეხბურთელები უპირველეს ყოვლისა ფიზიკურ ინტენსივობაში ვერ აჰყვნენ მეტოქეს. ისინი მარცხდებოდნენ ორთაბრძოლებში, ბურთთან დაქანცული მოთამაშეებისთვის დამახასიათებელი ზოზინით ირჯებოდნენ. მათ ძალთა აღსადგენად ერთი დღით ნაკლები ჰქონდათ ვიდრე „ჩელსის’’ და ფინალამდე ლონდონელებზე უფრო რთული გზა გაიარეს („პარიზიენი’’ გულისხმობს, რომ მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში „ჩელსის’’ „პალმეირასი’’ და „ფლუმინენსე’’ შეხვდა, პსჟ-ს კი „ბაიერნი’’ და „რეალი’’). გარდა ამისა, პარიზელებს ორი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული ჰყავდათ. შედეგად, „პარი სენ ჟერმენმა’’ ბოლო შეხვედრაში ვეღარ გამოავლინა ის უნარები, რომელთაც მთელი სეზონის განმავლობაში გვაჩვენებდა. ფეხბურთელები ვეღარც სივრცეებს ითვისებდნენ და ვერც ბურთის გათამაშებით იწონებდნენ თავს. პირველი ტაიმის ჩამორჩენა (0:3) იმდენად დიდი გამოდგა, რომ შესვენების შემდეგ მდგომარეობის გამოსწორების იმედი აღარ იყო.

„ნახევარმცველები ძალით დგამდნენ ფეხებს, თავდამსხმელები კი ინგლისელთა მჭიდრო დაცვაში ჩაიკარგნენ. ხვიჩა კვარაცხელიას შთაგონება ჰქონდა დაკარგული, რაც პარიზელთა სირთულეების თვალნათელი მაგალითი გახლდათ (ის 58-ე წუთზე ბრედლი ბარკოლათი შეცვალეს), ოსმან დემბელე ნულს უდრიდა, დეზირე დუე კი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდა ― ერთი ასეთი გადაწყვეტილება იყო მე-16 წუთზე აშრაფ ჰაკიმისთვის პასის გადაწოდება მაშინ, როდესაც თავადაც შეეძლო გოლის გატანა’’, ― წერს „პარიზიენი’’, რომელიც იქვე ამბობს, რომ თამაშის შედეგი მარტო პარიზელთა ცუდმა თამაშმა არ განაპირობა. ლონდონელებმაც ჩინებულად ითამაშეს.

„…მაგრამ, ეს წარუმატებლობა ისტორიის თვალსაზრისით არაფერს ცვლის. პლანეტის 2025 წლის საუკეთესო გუნდის, პსჟ-ს სეზონი კვლავ რჩება გენიალურად და ბრწყინვალედ. პარიზელებმა ფინალში მხოლოდ იმიტომ წააგეს, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში არ ჰყავდათ ვილიან პაჩო და აკლდათ მობილურობა, რაც აქამდე მათი მთავარი კოზირი იყო. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ფეხბურთელების სიჭარბეს სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ დაცვასა და ნახევარდაცვაში უფრო საიმედო მოთამაშეების დამატება გუნდს მომავალში შეიძლება წაადგეს. ლუის ენრიკე მათ მსხვილ შეჯიბრებებში როტაციისთვის გამოიყენებს. დღეს გუნდი თორმეტ ფეხბურთელს ეყრდნობა ― დეზირე დუე და ბრედლი ბარკოლა ერთმანეთს ეცილებიან. სხვები კი თიტქოს ამ თორმეტეულზე მთელი თავით დაბლა დგანან, ― ასკვნის „პარიზიენი’’.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.