ოსიმენს გალათასარაიში დარჩენა მონდომებია

Home კატეგორიის გარეშე ოსიმენს გალათასარაიში დარჩენა მონდომებია
ოსიმენს გალათასარაიში დარჩენა მონდომებია

Victor Osimhen of Galatasaray and Joao Figueiredo of RAMS Basaksehir compete for the ball during the 38th and final week match of the Turkish Super...26 წლის ვიქტორ ოსიმენს კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტი უდგას. ნიგერიელს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის სახელი დაიმკვიდროს, მაგრამ ვერა და ვერ უპოვია ნავსაყუდელი. ჯერ იყო და ევროპული კარიერა გერმანულ „ვოლფსბურგში’’ დაიწყო, საიდანაც ბელგიურ „შარლერუაში’’ თავიდან იჯარით, შემდეგ კი სრულფასოვანი კონტრაქტით გადაბარგდა. იქიდან ფრანგულ ლიგა 1-ში, კერძოდ „ლილში’’ წავიდა, სადაც ერთი სეზონი დაჰყო და შემდეგ ოთხი სრული სეზონი სერია A-ში, „ნაპოლიში’’ გაატარა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. მერე იყო კონფლიქტი ნეაპოლეთა მეპატრონესთან აურელიო დე ლაურენტისთან და სანატრელი პრემიერლიგის ნაცვლად თურქეთში, „გალათასარაიში’’ გატარებული წელიწადი. ნიგერიელი სტამბოლშიც იჯარის წესით თამაშობდა.

„კორიერე დელო სპორტი’’ წერს, რომ ოსიმენს თურქეთში ცხოვრება მოეწონა, დამშვიდდა და ახლა „გალათასარაისთან’’ რეგულარული კონტრაქტის გაფორმება უნდა. „ალი სამი იენიზე’’ ის გულშემატკივარს უყვარს, სუპერვარსკვლავის სტატუსით სარგებლობს, ყოველ სეზონში ჩემპიონობა შეუძლია და ჩემპიონთა ლიგაში თამაშიც გარანტირებული აქვს. განა ასეთ „ინგრედიენტებით’’ რომელიმე სხვა კლუბი მოამარაგებს?

ოსიმენის ხელფასის საქმე ასე იქნება: „ალ ჰილალის’’ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ (ლაპარაკი იყო წელიწადში 40 მილიონ ევროზე), ოსიმენი თურქეთისთვის წარმოუდგენელ გასამრჯელოს, წელიწადში 16 მილიონ ევროს მიიღებს.

რაც შეეხება კომპენსაციას: „გალათასარაი’’ მზად არის „ნაპოლის’’ 50-60 მილიონის ფარგლებში გადაუხადოს, მაგრამ დე ლაურენტისი კატეგორიულად ითხოვს 75 მილიონს. სტამბოლის კლუბისთვის ეს ცოტა არ იყოს ძნელად გადასახდელი თანხაა, ვინაიდან ყველაზე მეტი რაც მას ფეხბურთელის სანაცვლოდ გაუღია არის 18 მილიონი ევრო. ეს ფული „ლომებმა’’ 2024 წელს ბრაზილიელი გაბრიელ სარას სანაცვლოდ „ნორვიჩ სიტის’’ გადაუხადეს.

ასეთ სატრანსფერო ოპერაცია თავი რომ გაართვას „გალათასარაის’’ სპონსორების, პარტნიორებისა და საზოგადოების დიდი მობილიზაცია სჭირდება. საქმე ოსიმენის „საქმე’’ ხომ სტამბოლელთათვის ერთადერთი არ არის. მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეძენილი ლეროი სანესთვის წელიწადში 12 მილიონი აქვთ გადასახდელი და „ინტერიდან’’ გამოქცევაზე მყოფი ჰაქან ჩალხანოღლუს გადაბირების ამბავიც თითქმის მოგვარებულია.

„გალათასარაი’’ ცდილობს ვარსკვლავებს მოუყაროს თავი და ამბიციური ევროლაშქრობა წამოიწყოს. ამ გეგმაში კი ოსიმენს, რომელმაც გუნდის მაისურით 38 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა, დიდი ადგილი უჭირავს.

და კიდევ ერთი, შეგახსენებთ, რომ „გალათასარაის’’ „ლიონისგან’’ ჟორჟ მიქაუტაძის ყიდვა უნდა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ნიგერიელს დაიტოვებს, ქართველის შეძენას ალბათ გადაიფიქრებს და არც ჟორჟს ექნები სტამბოლში სკამზე ჯდომის დიდი სურვილი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.