რა უნდა ექნა დონარუმას?

Home კატეგორიის გარეშე რა უნდა ექნა დონარუმას?
რა უნდა ექნა დონარუმას?

Bayern Munich midfielder Jamal Musiala reacts after injuring his left leg during the FIFA Club World Cup match between FC Bayern Munich and Paris...„პარი სენ ჟერმენმა’’ კლუბთა მსოფლიოს თასის ნახევარფინალში „ბაიერნს’’ დრამატულ შეხვედრაში 2:0 მოუგო. ამ საინტერესო მატჩში იყო ერთი ცუდი მომენტი, როდესაც ჯანლუიჯი დინარუმასთან შეტაკების გამო მიუნხენელთა ვარსკვლავმა ჯამალ მუსიალამ ფეხი მოიტეხა. ეკრანზე ეპიზოდი ძალიან მძიმე სანახავი იყო. უიღბლო კონტაქტის გამო შემტევ ნახევარმცველს ოთხი თვის გამოტოვება მოუწევს.

საფრანგეთში, როგორც ტელეეთერში ასევე ინტერნეტში მყისვე გამოჩნდა ხალხი, რომელმაც თავიანთ უპირველეს ამოცანად დონარუმას გამართლება მიიჩნიეს. მართლაც, პსჟ-ს იტალიელ მეკარეს წესი არ დაურღვევია, მაგრამ გაჩნდა კითხვა, იყო კი იმ ეპიზოდში ფეხებში ჩავარდნა აუცილებელი? მანუელ ნოიერი, რომელმაც მეკარის ხელობაში 2010-იანი წლებიდან რევოლუცია მოახდინა ამბობს, რომ დონარუმას ვარდნა არ უნდა გაეკეთებინა. როგორც ირკვევა მან კოლეგას სათქმელი ჯერ პირში უთხრა და შემდეგ არც პრესის წინაშე დაინდო.

„ამ სიტუაციაში მეკარის მხრიდან ასეთი ჩარევის აუცილებლობა არ იდგა. სარისკო იყო. დონარუმა შეგნებულად წავიდა ამაზე. მან იცოდა, რომ შეიძლებოდა მოწინააღმდეგისთვის ტრავმა მიეყენებინა. თამაშის მერე მე მასთან მივედი და ვკითხე: გინდა, წამოხვიდე და ჩვენს თანაგუნდელს შეხედო? ეს უბრალოდ პატივისცემის ამბავი იყო. ის უნდა წამოსულიყო და მუსიალასთვის წარმატება ესურვებინა. მან ეს დაგვიანებით გააკეთა, არადა ფერა-ფლეი ყოველთვის საჭიროა. მე მის ადგილზე სხვანაირად მოვიქცეოდი’’.

„ბაიერნის’’ სპორტული დირექტორი მაქს ებერლი: „როდესაც კაცს ფეხზე ახტები და თან 100 კილოს იწონი, არსებობს რისკი, რომ დააშავებ. არ მგონია, რომ დონარუმამ ეს ძალად გააკეთა, მაგრამ წინდახედულობა ნამდვილად არ გამოუჩენია’’.

„პარი სენ ჟერმენი’’ სოციალურ ქსელში ჯერჯერობით კეთილი სურვლებით შემოიფარგლა. აშრაფ ჰაკიმიმ კი თამაშის მერე DAZN-ის მიკროფონებთან ასე თქვა: „მინდა ჯამალ მუსიალას შევეხმიანო. როგორც ჩანს ის სერიოზულად დაშავდა და მსურს მის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოვხატო. იმედი მაქვს, მალე დაუბრუნდება მოედანს’’

ქვემოთ გთავაზობთ მუსიალას თანაგუნდელის, კანადელი მცველის ალფონსო დევისის რეაქციას, რომელიც ტრავმირებულია და „ბაიერნთან’’ ერთად აშშ-ში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამიტომ არ არის. ის სოციალურ ქსელ Twitch-ში გახლავთ ძალიან აქტიური, „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრასაც თავის მაყურებელთან ონლაინ ერთად უყურებდა. შეაბამისად კამერამ მუსიალას დაშავებაზე მისი რეაქცია პირდაპირ ეთარში დააფიქსირა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.