შვეიცარიაში, კერძოდ ლოზანაში ფუნქციონირებს ორგანიზაცია სახელწოდებით IFFHS, რომელიც მართალია ფიფას სტრუქტურული ნაწილი არ არის, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მას აღიარებს. ეს გახლავთ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც სცადა ისტორიაში საუკეთესო ათი ფეხბურთელი გამოეთვალა და შედეგები 19 მაისს გამოაქვეყნა. ხსენებული რეიტინგი IFFHS-მა შეადგინა იმის მიხედვით, თუ რა გავლენა მოახდინეს ფეხბურთელებმა სხვადასხვა მოვლენებზე, რა წარმატება ჰქონდათ კარიერაში და რა მემკვიდრეობა დატოვეს მსოფლიო ფეხბურთში. ორგანიზაციამ შედეგად მიიღო, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია ლეო მესი, მას კი მოსდევენ პელე და დიეგო მარადონა.
მესი, რომელიც „ინტერ მაიამიში’’ თამაშობს ტიტულებით მნიშვნელოვნად აღემატება ყველას. მან რვაჯერ მოიგო „ოქროს ბურთი’’, 2022 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში და სხვა უამრავი ჯილდოც მიითვალა.
პელეს დედამიწაზე ფეხბურთის პოპულარიზაციის საქმეში ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი. ის იყო მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1958, 1962, 1970), გამოირჩეოდა გოლების რაოდენობით და დიდხანს ბატონობდა საკლუბო და სანაკრებო სარბიელზე.
მარადონა ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1986, 1990), პროვინციულ „ნაპოლის’’ ორჯერ მოაგებინა სკუდეტო და ერთხელ უეფას თასი. მან ამ კლუბს კლუბს იტალიურ და ევროპულ ფეხბურთში სტატუსი შეუცვალა. ის გამოირჩეოდა დრიბლინგით და დიდ შეხვედრებზე გავლენის უნარით.
IFFHS -ის ვერსიით ფეხბურთის ისტორიაში მეოთხეა კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი ხუთჯერ იყო „ოქროს ბურთის’’ ლაურეატი, გაიტანა 900-ზე მეტი გოლი, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და 2016 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა. რონალდუ გახლავთ ჩემპიონთა ლიგისა და სანაკრებო ფეხბურთის საუკეთესო ბომბარდირი (140 და 136 გოლი).
მეხუთე ადგილი იოჰან კრუიფს ხვდა. ჰოლანდიელი ცნობილია, როგორც „ტოტალური ფეხბურთის’’ პიონერი.
მეექვსედ დაასახელეს ბრაზილიელი რონალდი, მეშვიდედ ზინედინ ზიდანი, მერვე ადგილი კი ერგო ათეულში მოხვედრილთა შორის ერთადერთ მცველს ფრანც ბეკენბაუერს. მეცხრე და მეათე პოზიციებზე არიან ალფრედო დი სტეფანო და რონალდინიო.
ათეულში ვერ მოხვდნენ ფერენც პუშკაში, მიშელ პლატინი, გერდ მიულერი, პაოლო მალდინი და სხვა დიდი ვარსკვლავები.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
სიახლეები29/05/2026 | 09:03არსენალი ბუდაპეშტშია
