საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის წამყვან ლიგებში მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა თითო ლელო და ჯარიმა ტოპ 14-შიც მიითვალეს და პრო დე2-შიც.
ტოპ 14
ტურის სასტარტო მატჩში „კასტრმა“ „ლიონს“ უმასპინძლა, რომელსაც ნაკრებიდან დაბრუნებული ოთხი ბორჯღალოსანი დაემატა. ბოლო დროს ფერზე მოსულმა ლიონელებმა მეტოქეს მაგარი ბრძოლა გაუმართეს, შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იგებდნნ კიდეც, თუმცა, დარჩენილ დროში 2 ჯარიმა გაუშვეს და ოდენ სანუგეშო ბონუსს დასჯერდნენ.
ბექა საღინაძემ ნაკრებში მიღებული ტრავმა მოიშუშა და კასტრში სასტარტოში იყო. 27-ე წუთზე ლიონელებმა მასპინძლებს მოლით შეუტიეს, რომელიც რაქში გადაიაზარდა და ბოლოს ბურთი საღინაძემ აიტაცა, ხაზს იქით გადადო და სეზონში გამართულ მე-7 მატჩში მე-3 ლელო გაიტანა, სულ კი ბექას ანგარიშზე ტოპ 14-ის 47 თამაშში უკვე 8 ლელოა.
67-ეზე კი თავი დავით ნინიაშვილმა ისახელა, რომლმაც დაახლოებით 45 მეტრიდან საკმაოდ რთული ჯარიმა გაიტანა და „ლიონი“ უკანასკნელად დააწინაურა – 25:24, თუმცა, როგორც ითქვა, ბოლოს მასპინძლებმა იყოჩაღეს და 30:25 იმარჯვეს. ნინიაშვილმა კი ტოპ 14-ში ჩატარებულ 55-ე მატჩში ქულათა ჯამი 109-ს გაუტოლა. ირაკლი აფციაურიც სასტარტოში იყო, ხოლო ბექა შვანგირაძემ საღინაძე შეცვალა და ეს იყო ახალგაზრდა მესამეხაზელისთვის მე-10 მატჩი ტოპ 14-ის ეგიდით.
ლიდერი კვლავაც „ტულუზია“, რომელმაც „ბაიონი“ 41:3 გაანადგურა. მეორეზე კი „ტულონი“ ავიდა, რომელმაც დაბეჩავებული „სტად ფრანსე“ ბონუსით დაამარცხა – 24:6. გამარჯვებულთა შორის ბექა გიგაშვილი სასტარტოში იყო და თამაშის მიწურულს მის ნაცვლად ახალგაზრდა დავით მჭედლიძე შევიდა. პარიზელები კი ცხრილის ფსკერზე დაეშვნენ. მათ შემადგენლობაში სერგო აბრამიშვილმა თავისი 25-ე მატჩი ჩაატარა, მეორე ტაიმში კი მის ნაცვლად გიორგი მელიქიძე გამოჩნდა.
ექვსეულში ასევე „კლერმონიცაა“, რომელმაც „ბორდოდან“ ბონუსი წამოიღო (18:22), ხოლო გიორგი ახალაძემ ამ მატჩში სეზონში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი რამ: გურამ გოგიჩაშვილმა ტოპ 14-ში მე-100 მატჩი ჩაატარა და ეს მოვლენა ესოდენ მონატრებული გამარჯვებით გაალამაზა – მისმა „რასინგ-92“-მა მრისხანე „ლა როშელს“ სტუმრად 26:21 მოუგო და წაგებათა ნავსი გატეხა.
პრო დ2
„ორიაკმა“ 7 ქართველის დახმარებით „აჟენს“ 34:26 მოუგო. 7-დან 5 ჩვენბური სასატარტოში იყო და ორმა მათგანმა თავის ინდივიდუალურად გამოჩენაც მოახერხა. კერძოდ, ნაკრებიდან დაბრუნბულმა დაჩი პაპუნაშვილმა მე-8 წუთზე მოედნის ცენტრიდან ფანტასტიკური ჯარიმა გაიტანა, რომელმაც მისი ჯამური მონაგარი ლიგის 18 მატჩში 46 ქულას გაუტოლა, ხოლო 54-ეზე კაი გვარიანი მუშტი-კრივი „აჟენის“ ზორბა ირლანდიელ მეორეხაზელ ჯონ მადიგანს გაუმართა და კარიერაში პირველად აღმოჩნდა სინბინში.
ამის შემდეგ კი, 61-ე წუთზე „ორიაკმა“ დერეფანი მოიგო, იდეალური მოლი ჩამოაყალიბა, სირბილით მივიდა ლელოსთან სადაც ბურთი ლუკა ნიორაძემ დაამიწა. ეს იყო ქართველი კვაჭის მე-5 ლელო მიმდინარე სეზონში, ხოლო სულ მისი კარიერა პრო დე2-ის 99 მატჩსა და 15 ლელოს ითვლის.